Belive

გზა გაბანკროტების საფრთხიდან ჩემპიონობამდე | მილანის ჩემპიონობის მიღმა დამალული დეტალები

1 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
ამბობენ, მარცხი მეტს გასწავლის, ვიდრე გამარჯვებაო. სტეფანო პიოლი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ თეორიას ეთანხმება. სერია A-ს გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის შეფასებით, "მილანი" ხელახლა იმ დღეს დაიბადა, როდესაც 2019 წლის დეკემბერში, "ატალანტასთან" ანგარიშით 5:0 განადგურდა.
"ეს ჩემი კარიერის შავი ლაქაა. თუმცა იმ დღემ ძალიან ბევრი რამ შემძინა. სწორედ იმ მომენტში მივხვდი, თუ რა იყო საჭირო მილანის განვითარებისთვის", - თქვა მან DAZN-სთან საუბრისას.
სწორედ ასეც მოხდა - გუნდის ტექნიკურ დირექტორთან (პაოლო მალდინი), პრეზიდენტთან (პაოლო სკარონი), გენერალურ დირექტორთან (ივან გაზიდისი) და Elliot Management Corporation-თან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში პირველად, "მილანი" სკუდეტოს დაეუფლა. იმ ფონზე, როდესაც წამყვანი ლიგების გამარჯვებული კლუბები ძვირადღირებულ ტრანსფერებს ახორციელებენ, "მილანმა" სერია A მრავალმილიონიანი სატრანსფერო ბიუჯეტის გარეშე მოიგო. ამ თვის დასაწყისში, "ვერონას" მწვრთნელმა, იგორ ტუდორმა ჟურნალისტებს ასეთი რამ განუცხადა: "თუკი შემადგენლობას გადავხედავთ, მილანს ჩემპიონატში მესამე ან მეოთხე საუკეთესო გუნდი ჰყავს". მისი სიტყვებით კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა სამუშაო გასწიეს კლუბმა და მთავარმა მწვრთნელმა ტრიუმფამდე მისასვლელად.

სტეფანო პიოლის გამოჩენა

2019 წლის ოქტომბერში, პაოლო მალდინი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ყველასთვის ცხადი იყო, რომ მისი ინიციატივით მოყვანილმა მარკო ჯამპაოლომ "მილანში" არ გაამართლა. გუნდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა - იყო დიდი შანსი, "მილანი" რალფ რანგნიკს ჩაებარებინა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ, საბოლოო არჩევანი სტეფანო პიოლიზე შეაჩერა. პიოლის იტალიაში საუკეთესო ტაქტიკოსის იმიჯი არ ჰქონია. მეტიც, მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, იგი 15 გუნდს ედგა სათავეში, თუმცა 3 წელზე მეტი არსად გაუტარებია. მისი დანიშვნა თითქოს მოულოდნელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო.
"სტეფანო ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს. ის არამარტო შესანიშნავი მწვრთნელი, არამედ ასეთივე ადამიანია და თითოეული ჩვენგანისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს", - თქვა ივან გაზიდისმა.

მალდინის ფაქტორი

როგორც მილანის ყოფილმა ნახევარმცველმა და მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, პაოლოს ყოფნამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა.
"კარგად ვიცნობ მალდინის და ვიცი, ყოველთვის, რთულ მომენტებშიც კი როგორი გაწონასწორებულია. პაოლომ იცის, თუ როგორ დაეხმაროს ფეხბურთელებს და დარჩეს კონკურენტუნარიანი. მისი დახმარებით, მილანმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა".
ზეედორფმა პიოლიზეც ისაუბრა.
"კლუბში პოზიტიურ სულისკვეთებას ვხედავ, რომელიც მწვრთნელის შრომისმოყვარეობის გზით მოდის. პიოლი გუნდს სიმშვიდეს ანიჭებს და წარმატებისკენ უძღვება, შედეგები ყველაფერზე მეტყველებს", - თქვა ნიდერლანდელმა.
[Downloader.la]-628b6ee8101d0

რთულია, ზეედორფს არ დაეთანხმო - "მილანმა" სერია A 86 ქულით მოიგო. იმ დღის შემდეგ, რაც იტალიაში მატჩის გამარჯვებულისთვის 3 ქულა მინიჭება გადაწყვიტეს, 86-ე  "მილანი" სკუდეტოს ისტორიაში არასოდეს დაუფლებია თუმცა ამ სტატისტიკურ მაჩვენებელშიც გარკვეული ნიუანსია გასათვალისწინებელი:
  • 2 ქულა გამარჯვებისთვის: 60 ქულა 38 მატჩში, 1950–51 წლების სეზონი
  • 3 ქულა გამარჯვებისთვის: 82 ქულა 34 მატჩში, 2003–04 წლების სეზონში - ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა და თეორიულად, "მილანს" მეტი ქულის დაგროვების საშუალება ჰქონდა.
Sky Sports-ის თანახმად, პიოლის ხელმძღვანელობით, გუნდი თამაშში საშუალოდ 1.96 ქულას აგროვებს, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე ლეგენდარული არიგო საკის (1.95), ნერეო როკოსა (1.95) და კარლო ანჩელოტის (1.94) შედეგები. გუნდის ისტორიაში, საუკეთესო მაჩვენებელი ფაბიო კაპელოს აქვს (2.02).

შემადგენლობა

ვინ იფიქრებდა იმას, რომ ჯანლუიჯი დონარუმას ჩანაცვლებას ასე სწრაფად და ეფექტურად შეძლებდნენ? იტალიაში ამბობდნენ, რომ "მილანი" ჯიჯის ღირსეულ შემცვლელს დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვნიდა, თუმცა მალდინიმ დონარუმას შემცვლელი "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგებამდე  გაფრინამდე იპოვა - 15 მილიონ ევროდ შეძენილმა მენიომ, კარი მშრალად 17 მატჩში შეინახა და 32 შეხვედრაში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ასევე სანდრო ტონალიმ, რომელსაც გუნდში ადაპტაციისთვის თავიდან გარკვეული დრო დასჭირდა. პიოლის განცხადებით, 22 წლის ტონალი, დროთა განმავლობაში, დანიელე დე როსის სტილის ნახევარმცველად ყალიბდება. ბრწყინავდა რაფაელ ლეაოც, რომელმაც 34 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი,  მილანმა სულ რაღაც €23 მილიონად დაიმატა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეაოს გადაბირებით არაერთი ტოპ კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ "მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ეფექტური აღმოჩნდა და პორტუგალიელი "სან სიროზე" ჩაიყვანა. დღემდე უცნობია, თუ რის გამო შეელია ზინედინ ზიდანი ტეო ერნანდესს €20 მილიონის სანაცვლოდ, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი დღეს "როსონერის" მაისურით ასპარეზობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გოლი იტალიაში დიდხანს არ დაავიწყდებათ.

ძველი გვარდია

დღეს უკვე ფაქტია, რომ მალდინის დახმარებით, "მილანი" საუკეთესო ტალანტებს დაბალ ფასში ყიდულობს და რომ მათმა საუცხოო ასპარეზობამ გუნდს სერია A-ს ტიტული მოაგებინა. თუმცა აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია განსახილველი: 38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ზლატანი "მილანში" 2020 წლის ზამთარში, ბერგამოს "ატალანტასთან" ანგარიშით 5:0 განადგურების შემდეგ რამდენიმე კვირის შემდეგ გადავიდა - სწორედ იმ მატჩის შემდეგ, რომელზეც სტეფანო პიოლი საუბრობდა. შვედმა სუპერვარსკვლავმა ახალგაზრდა თანაგუნდელებს გამოცდილება და თავდაჯერება შესძინა, რაც გუნდისთვის საკვანძო დასაყრდენი გახდა. "მილანს მეფე არასოდეს ჰყოლია, თუმცა ქალაქს ახლა ღმერთი ჰყავს", - თქვა მან "ინტერთან" დუბლის შესრულების შემდეგ. ზლატანი ამაყი, ეგოცენტრული, ქედმაღალი ადამიანია. თითქოს, მისი თვისებები კავშირშია ინდივიდუალიზმთან და არა გუნდურობასთან, თუმცა შვედი ფორვარდი, რომელიც თავდაჯერებულობას 360 გრადუსით ასხივებს, პიოლის არაფორმალურ ასისტენტად მოგვევლინა: მან თავის თავზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივაციის ზრდა და მათში თავდაჯერების ელემენტების გაღვივება დაიწყო. "იტალიაში, ზლატანმა რონალდუზე მეტი გავლენის მოხდენა შეძლო. უბრალო დამთხვევა ხომ არ არის ის ფაქტი, რომ მის გვერდით ამდენმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თვალსაჩინო პროგრესი განიცადა", - აღნიშნა "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ალბერტო ძაკერონიმ. ძაკერონი მართალი იყო - იტალიურ მედიაში ხშირად იწერება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზლატანი გუნდის გასახდელის ნამდვილი ლიდერია, რომელიც ფეხბურთელებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება. "ვერონასთან" უმნიშვნელოვანეს გამარჯვებამდე, ზლატანმა თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ყველას ახსოვს ამ გუნდის ფეხბურთელები, რომლებმაც სკუდეტო ან ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. თუკი გვინდა, რომ ჩვენც დაგვიმახსოვრონ, წინ 3 მატჩი გველოდება - მისია აუცილებლად უნდა შევასრულოთ".

ძაკერონის მსგავსად, იბრაც მართალი იყო. მილანს ეს შემადგენლობა არასოდეს დაავიწყდება. ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რასაც მათგან არავინ ელოდა - ასეთი ეფექტი კი ადამიანების ემოციებზე გაასმაგებულად მოქმედებს. ასევე არ უნდა გამოვტოვოთ ვეტერანი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, ოლივიე ჟირუ, რომელმაც 11 გოლის გატანა შეძლო, რომელმაც თავი ბოლო, გადამწყვეტ ტურშიც გამოიჩინა.

შეფასება

გარკვეულწილად, ჩვენც შეგვიძლია ვაღიაროთ ის ფაქტი, რაც "ვერონას" მთავარმა მწვრთნელმა თქვა: თუკი შემადგენლობას გადავხედავთ, მილანს ჩემპიონატში ნამდვილად მესამე ან მეოთხე საუკეთესო გუნდი ჰყავს. თუმცა აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "მილანს" სერია A-ში საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. შესაძლოა, ამაზე ორი აზრი არსებობს, თუმცა სიმართლე მხოლოდ ერთ მხარესაა.

სხვა სტატიები