Belive

ჰაკან ჩალჰანოღლუს ორმაგ ხელფასს შესთავაზებენ "მილანიდან" წასვლის სანაცვლოდ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი ისე ეფექტურად ვერ გამოიყენა, როგორც ეს მისმა ზოგიერთმა კონკურენტმა მოახერხა, მაგალითად, "ლონდონის ჩელსიმ". ოლე გუნარ სულშერმა "აიაქსიდან" დონი ვან დე ბეეკის გადმოყვანა შეძლო, თუმცა ნორვეგიელი სპეციალისტი იშვიათად იყენებს ნიდერლანდელ მოთამაშეს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "წითელი ეშმაკები" ედინსონ კავანით და ალექს ტელეშით გაძლიერდნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კლუბმა ძირითადი დრო ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე დახარჯა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის არასტაბილური თამაშისა, სულშერს კვლავ შეტევის გაძლიერება სურს და Sport Bild-ის ჟურნალისტის კრისტიან ფოლკის თქმით, "წითელი ეშმაკების" სამიზნე "მილანის" მოთამაშე ჰაკან ჩალჰანოღლუა. თურქი შემტევი ნახევარმცველი იტალიურ კლუბს 2017 წელს "ლევერკუზენის ბაიერიდან" შეუერთდა. "მილანთან" კონტრაქტი ჩალჰანოღლუს 2021 წლის ივნისში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით ინგლისელები უკვე აწარმოებენ კონკრეტულ მოლაპარაკებებს 26 წლის მოთამაშესთან. "მილანში" გადასვლის შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, მან 127 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. თავად ფეხბურთელს "მილანის" დატოვება არ სურს, თუმცა იანვრიდან მას თავისუფლად შეეძლება ურთიერთობა ჰქონდეს კლუბებთან იტალიის ფარგლებს გარეთ. შესაძლოა, პრემიერ ლიგა ჩალჰანოღლუს შემდეგი გაჩერება აღმოჩნდეს, რადგან, როგორც ფოლკი ირწმუნება, ფეხბურთელმა უარი თქვა "იუვენტუსის" მხრიდან გამოთქმულ ინტერესზე. "იუნაიტედს" წარმატების იმედი აქვს ჩალჰანოღლუსთან დაკავშირებით და ეს იმედი ემყარება კვირაში 100 000 ფუნტი სტერლინგის ანაზღაურების შეთავაზებას. "მილანი" კი თურქ ნახევრამცველს კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კვირაში 54 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობს. შესაბამისად, "წითელი ეშმაკები" ჩალჰანოღლუს ხუთწლიან კონტრაქტთან ერთად თითქმის ორმაგ ანაზღაურებას სთავაზობენ. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ჰაკან ჩალჰანოღლუს ირგვლივ, თუმცა, თუ ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება, ნამდვილად მშვენიერი გაძლიერება იქნება სულშერის გუნდისთვის.

სხვა სტატიები