Belive

ჰარტისა და გვარდიოლას საუბარი, რის შემდეგაც კიპერმა "მანჩესტერ სიტი" დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჯო ჰარტმა პეპ გვარდიოლასთან გამართული 2-საათიანი საუბარი გაიხსენა, რის შემდეგაც "მანჩესტერ სიტის" რიგებში ინგლისელი კიპერის ადგილი არ დარჩა. 2016 წელს, პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ბრიტანული მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ რაჰიმ სტერლინგი ერთ-ერთი პირველი იქნებოდა, რომელიც გუნდს დატოვებდა, თუმცა მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა - ყველასათვის მოულოდნელად, "ქალაქელთა" რიგები ინგლისელმა კიპერმა ჯო ჰარტმა დატოვა. გვარდიოლამ ჰარტის შემცვლელად კლაუდიო ბრავო დაასახელა. ჯო ჰარტი აღნიშნავს, რომ შანსის მისაცემად და გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად პეპ გვარდიოლასთან 2-საათიანი საუბარი ჰქონდა, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა.
"საუბრის დაწყების ინიციატორი მე ვიყავი. ჩემი წარსულის შესახებ გვარდიოლამ ყველაფერი იცოდა - ჩვენი სათამაშო სქემისა და ჩემი სათამაშო ფორმის შესახებ მან ყველაფერი იცოდა. 2-საათიანი საუბრის დასასრულს მიპასუხა: "ვფიქრობ ეს ყველაფერი არ გაამართლებს". რა თქმა უნდა არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ შეცდომას უშვებდა. გვარდიოლამ მიპასუხა: "შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ის ყველაფერი, რასაც შენში ვხედავ, მეკარისადმი წაყენებულ ჩემს მოთხოვნებს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა შანსი მოგეცემა, მაგრამ არ მჯერა, რომ თანამშრომლობას წარმატებით გავაგრძელებთ". "მინდოდა მიმეღო შანსი და მეასპარეზა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელის მეთაურობით, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მეკეთებინა ის, რაც მანამდე არასდროს მოუთხოვიათ. ვფიქრობ, რომ გვარდიოლა მართალი იყო - იმ დროისათვის შეუძლებელი იყო, რომ დავრჩენილიყავი გუნდში და მეთამაშა ისე, როგორც მას სურდა". "ქალაქ მანჩესტერის მოსახლეობა, "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები და მომსახურე პერსონალი მუდამ მემახსოვრება, მუდამ მათი მადლიერი ვიქნები, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა "სიტის" იერარქიის შესახებ - ისინი ბიზნესმენები არიან", - აღნიშნა ჯო ჰარტმა.
მეკარემ, რომელმაც "მანჩესტერ სიტის" მაისური 347 შეხვედრაში მოირგო, დაეუფლა პრემიერ ლიგის 2 ტიტულსა და საფეხბურთო ასოციაციის თასს, გვარდიოლას გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, რის შემდეგაც იტალიურ "ტორინოს" იჯარით შეუერთდა.

სხვა სტატიები