Belive

ჰიონესი: ,,ბარსელონას 1.3-მილიარდიანი ვალი აქვს და ლევანდოვსკისთვის მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,წერენ, რომ ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკი სურს. ნახევარი წლის წინ მათ ვალი 1.3 მილიარდი ჰქონდათ. გერმანიაში ამ გუნდს უკვე დიდი ხანია გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ. 1.3-მილიარდიანი ვალი, გაკოტრება კარზეა და მრავალმილიონიან შეთავაზებას ამზადებთ ბაიერნის ფეხბურთელისთვის... მაშინ, თქვენ, ჟურნალისტებმა, მათ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ: ,,ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა?'' ბაიერნში არ ვიცნობ არცერთ ადამიანს, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე რობერტის გაშვებას დათანხმდება. თუ ის დარჩება, კარგად ითამაშებს და გერმანიაში თავს ისევ კომფორტულად იგრძნობს, იანვარში, შესაძლოა, თქვას: ,,აქ ისე მომწონს, შეიძლება, კიდევ 2-3 წელი დავრჩე,'' - განაცხადა ჰიონესმა.
,,ბაიერნის” დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის თქმით, ლევანდოვსკი ,,რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მოგვიანებით ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები 33 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები