Belive

ჰიუზის თავსატეხი | 1 დღეში ნაკრებსა და გუნდში გამართული ორი მატჩი

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
თანამედროვე ფეხბურთში გადატვირთული გრაფიკისა და დროის მცირე ინტერვალში გამართული მატჩების გამო, მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აღნიშნულ პრობლემას ყველაზე ხშირად ინგლისური კლუბები აწყდებიან - ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ინგლისურ კლუბს 1 კვირის განმავლობაში 2 ან 3 მატჩის გამართვა უწევს. აღსანიშნავია, რომ არც ისე შორეულ წარსულში ფეხბურთელებს გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაში უწევდათ თამაში. ამ ყველაფრის ნათელი დასტური მარკ ჰიუზის ისტორიაა. სახელოვანი უელსელი შემტევი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ჰიუზი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, იძულებული გახდა 1 დღეში 2 მატჩში ეასპარეზა. 1987 წლის 11 ნოემბერს, მარკ ჰიუზს ან უელსის მაისურით უპრინციპულეს შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა - ან "ბაიერნის" მაისურით გერმანიის თასზე ეასპარეზა. ული ჰიონესის დახმარებით, ჰიუზმა ორივე შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება. 1987 წელს, ჩეხოსლოვაკიის დამარცხების შემთხვევაში, უელსი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებდა - სამწუხაროდ, ჰიუზი და კომპანია ჩეხოსლოვაკიასთან 2:0 დამარცხდნენ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდნენ. მომხდარის გასაანალიზებლად ჰიუზს ბევრი დრო არ ჰქონია. უელსელ ვარსკვლავს სტადიონთან ავტომობილი და აეროპორტში კერძო თვითმფრინავი ელოდებოდა, რომლითაც დაუყოვნებლივ მიუნხენში გაემგზავრა. 2 საათით ადრე, ჰიუზი ჩეხოსლოვაკიაში უელსის ნაკრების რიგებში ასპარეზობდა, ახლა კი გერმანიის თასის შეხვედრის მეორე ტაიმში, "ბაიერნის" მაისურით მოედანზე შესასვლელად ემზადება.
"ჰიონესმა მისი საიდუმლო გეგმა არც საკუთარ ფეხბურთელებს, არც პრესას და არც ოფიციალურ პირებს გაანდო. მას საჯაროდ არაფერი განუცხადებია. სტადიონზე შეპარვა მომიწია და სანამ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდი გასახდელში არ შევიდა, ტრიბუნაზე ვიმალებოდი. ჰიონესს სურდა ჩემი მოედანზე გამოჩენით მაქსიმალური ფსიქოლოგიური ეფექტი მოეხდინა, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა", - იხსენებს მარკ ჰიუზი. 
ჰიუზის მოედანზე შესვლამდე, გიუნტერ ტელემ "გლადბახი" დააწინაურა, რის შემდეგაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელი შეცვლა განხორციელდა.
"არავის სჯეროდა და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. ასობით მილით შორს, პრაღაში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა მოედანზე გამოვჩნდი და მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად ვიყავი. "გლადბახის" ფეხბურთელები გაოგნებული მიყურებდნენ", - აღნიშნა მარკ ჰიუზმა. 
ლოთარ მათეუსმა ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი რუმენიგეს გოლის წყალობით "ბაიერნმა" გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩში თავის გამოჩენისა და ბრწყინვალე გოლის გატანის შესაძლებლობა მარკ ჰიუზსაც მიეცა, თუმცა უელსელ ვარსკვლავს ფანტასტიკურ გოლამდე ცოტა დააკლდა.  

სხვა სტატიები