ჰოლანდის შემდეგ თიოლანდი | ნორვეგიას მორიგი ვარსკვლავი ეზრდება

  • “მიოლდეს” ახალგაზრდული გუნდის მაისურით, ალბერტ თიოლანდმა 37 მატჩში 64 გოლი გაიტანა
  • ერლინგ ჰოლანდის ბიძაშვილი “მიოლდეს” ძირითად გუნდში დააწინაურეს
  • ჰოლანდის საფეხბურთო კარიერა ასევე “მიოლდეში” დაიწყო
  • “მიოლდედან” ჰოლანდი “ზალცბურგში” გადავიდა, შემდეგ “დორტმუნდის” ვარსკვლავი გახდა

“მიოლდემ” და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა მომავალი ერლინგ ჰოლანდი აღმოაჩინეს, რომელიც “დორტმუნდის” ვარსკვლავის ბიძაშვილია. 17-წლის ალბერტ თიოლანდმა “მიოლდეს” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში, 37 მატჩში 64 გოლის გატანა შეძლო. ერლინგ ჰოლანდის საფეხბურთო კარიერა “მიოლდეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, “მიოლდეს” ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის – ოლე გუნარ სოლსკიაერის ყურადღება მიიპყრო.

ამ წუთისათვის იმის მტკიცება, რომ თიოლანდი ჰოლანდის მსგავსად დიდ წარმატებას მიაღწევს და ვარსკვლავი გახდება ადრეა, თუმცა ბიძაშვილებს შორის არაერთი მსგავსებაა. თიოლანდის კარიერა ნორვეგიის ქვედა ლიგის ბინადარი “ბრინის” შემადგენლობაში დაიწყო, სადაც 31 მატჩში 40 გოლი გაიტანა. “ბრინის” შემდეგ, თიოლანდი “მიოლდეს” ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და ბრწყინვალე სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თიოლანდის შესანიშნავი თამაში “მიოლდეს” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს უყურადღებოდ არ დარჩენია. 5 აპრილს, სეზონის გახსნით შეხვედრაში, თიოლანდი “მიოლდეს” ძირითადი გუნდის მაისურს მოირგებს.

“სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟია ატეხილი. ის (თიოლანდი) ბრწყინვალე ბიჭია, რომელიც საოცრად დიდი ნიჭითაა დაჯილდოვებული. იმ შემთხვევაში, თუ განვითარებას განაგრძობს, თიოლანდი უდიდეს წარმატებას მიაღწევს. ამ წუთისათვის ჰოლანდი შედარებით უკეთესია”, – აღნიშნა ერლინგ მოემ.

(68)

ჰოლანდის შემდეგ თიოლანდი | ნორვეგიას მორიგი ვარსკვლავი ეზრდება

სტატიის ავტორი
-