Belive

ჰოლანდის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" ედ ვუდვორდის გამო ჩაიშალა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" იმ კლუბების სიაში იყო, რომლებსაც "ზალცბურგის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ჰოლანდის საკუთარ რიგებში ხილვა სურდათ. ოლე გუნარ სულშერი თვლიდა, რომ ჰოლანდთან შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ედ ვუდვორდმა "წითლ ეშმაკებში" ახალგაზრდა ნორვეგიელის ტრანსფერი დაბლოკა. სულშერი თანამემამულესთნ ერთად ნორვეგიულ კლუბ "მოლდეში" მუშაობდა. ESPN-ის თანახმად, ისინი ერთმანეთს დეკემბერში შეხვდნენ. "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი საკმაოდ კმაყოფილი დარჩა შეხვედრით და თვლიდა, რომ ჰოლანდის ტრანსფერი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც მინო რაიოლასთვის გადასახდელი ჰონორარი და ის ფაქტი გახდა, რომ დაჟინებით იყო მოთხოვნილი განთავისუფლების შესახებ პუნქტის შეტანა ჰოლანდის კონტრაქტში. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს "დორტმუნდის ბორუსიამ" ჰოლანდს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და დათანხმდა, რომ კონტრაქტში ყოფილიყო პუნქტი გაშვების შესახებ, მხოლოდ იმ პირობით, რომ პუნქტის გააქტიურება შესაძლებელი იქნებოდა 2022 წლიდან. ჰოლანდი "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგაც აგრძელებს განვითარებას და ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. მან ყველა ტურნირზე პირველ 23 შეხვედრაში 21 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდთან გარიგების ვერ მიღწევამ, ასევე ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის წარუმატებლობამ, ფეხბურთელისა, რომელიც "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე იყო სატრანსფერო ფანჯრის დროს, უნდა გვაფიქრებინოს, რომ ტრანსფერების მხრივ კლუბში ყველაფერი რიგზე ვერ არის და არა მხოლოდ ტრანსფერების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" შეძლეს და დაიმატეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ედინსონ კავანი, დონი ვან დე ბეეკი, ალექს ტელეში, სულშერს დორტმუნდელთა დუეტი კვლავ იდეალურად მიაჩნია "ოლდ ტრაფორდისთვის". "დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" ნიკო შულცის ტრანსფერზეც უარი განუცხადა. ვერც სანჩო, ვერც ჰოლანდი, ვერც შულცი... ეს ყოველივე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "იუნაიტედის" ტრანსფერებზე მომუშავე გუნდის კვალიფიკაციას. რომ არა ედ ვუდვორდის უარი, "მანჩესტერ იუნაიტედს" ერლინგ ჰოლანდის გაფორმება 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო, ახლა კი ახალგაზრდა ნორვეგიელი შემტევის სატრანსფერო ღირებულება 72 მილიონი ფუნტია.          

სხვა სტატიები