Belive

ჰოლანდმა მესისა და რონალდუს აჯობა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბუნდესლიგის 24-ე ტურში "დერ კლასიკერი" გაიმართა. გულშემატკივრმა საოცარი სანახაობა იხილა, "ბაიერნმა" "დორტმუნდი" 4:2 დაამარცხა. "ბაიერნთან" დაპირისპირება გამორჩეული გამოდგა "დორტმუნდის" 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელისთვის, ერლინგ ჰოლანდისთვის. საწყისი 9 წუთის შემდეგ "დორტმუნდი" 0:2-ს იგებდა, ორივე ბურთი სწორედ ჰოლანდმა გაიტანა, თუმცა "რეკორდმაისტერმა" თამაშის შემობრუნება შეძლო და ჰოლანდის დუბლს ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით და გორეცკას გოლით უპასუხა. მიუნხენელთა კარში გატანილი მეორე გოლი ახალგაზრდა ტალანტისთვის კარიერაში მე-100 გამოდგა, 100 გოლის გასატანად ჰოლანდს 146 შეხვედრა დასჭირდა. მას შემდეგ, რაც ჰოლანდი "დორტმუნდს შეუერთდა, ბრწყინვალედ ასპარეზობს. ჰოლანდმა "დორტმუნდის" შემადგენლობაში 46 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა, ასევე "ზალცბურგში" 29 გოლი 27 შეხვედრაში, "მიოლდეში" 50 შეხვედრაში ჰოლანდმა თავის გამოჩენა 20-ჯერ შეძლო, ამას დამატებული 6 გოლი საერთაშორისო დონეზე 7 მატჩში. 146 შეხვედრაში 100 გოლი გასაოცარი შედეგია, რომელსაც ჰოლანდმა მიაღწია. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელმა ამ შედეგით ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს - მესისა და რონალდუს აჯობა, რომელთაც 100 გოლის გასატანად გაცილებით მეტი შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელმა არგენტინელმა ლიონელ მესიმ 100 გოლის გასატანად ჰოლანდზე 54 მატჩით მეტი ჩაატარა. "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა 100 გოლის გატანას 210 შეხვედრა მოანდომა. კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც ერლინგ ჰოლანდმა ჩამოიტოვა, კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 100 გოლის გასატანად 301 მატჩი დასჭირდა. რონალდუსა და მესის გარადა "დორტმუნდის" 20 წლის შემტევმა კილიან მბაპე და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ჩამოიტოვა. მბაპეს 100 გოლის გასატანად 180 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო ზლატანს 245.
 
შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდი მესის და რონალდუს სჯობია? ჯერ არა, მაგრამ აშკარაა, რომ ნორვეგიელი ფორვარდი სწორ გზაზეა და თუ ასე განაგრძობს, ფებურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოს წოდებას ნამდვილად დაიმსახურებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა 19 ჩატარებულ შეხვედრაში 19 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც 31 გოლი აქვს გატანილი.  

სხვა სტატიები