Belive

იბრაჰიმოვიჩი: "ზამთრის ჩემპიონობა არაფერს ნიშნავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ტიტულის ერთ-ერთმა მთავარმა მაძიებელმა "მილანმა" მე-19 ტურში საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 წააგო. პიოლის გუნდისთვის იტალიის ჩემპიონატში ეს მხოლოდ მე-2 მარცხი იყო. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა "მილანის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მან თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ ახლა მოდუნების დრო არაა და "ზამთრის ჩემპიონობა" საბოლოოდ ტიტულის მოსაგებად არაფერს ნიშნავს. 39 წლის ვეტერან თავდამსხმელს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, იბრამ ძალიან კარგად იცის, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ სეზონი პირველ ადგილზე დაასრულო. იბრაჰიმოვიჩს ევროპის 4 ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი აქვს მოგებული. იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ "მილანმა" "ატალანტას" წინააღმდეგ ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატრა და თუ გუნდს რეალურად სურს სეზონის ბოლოს ტიტულის მოგება, მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. Sky Sport Italia-თან ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა:
"დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამ არასწორად წავიდა, გასამართლებელი მიზეზის ძებნას არ ვაპირებ, რადგან ყველა თამაშში მხოლოდ შედეგი უნდა ეძებო. დღეს თამაში არ გამოგვივიდა". "ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალები აღვიდგინოთ და კონცენტრაცია შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ". " იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 წაგება გვაქვს, ვთვლი, რომ ეს არც თუ ურიგო შედეგია. "ატალანტასთან" შეხვედრაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს". " ჩვენ ზამთრის ჩემპიონები ვართ, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ჯერჯერობით კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ ახლა რთული ეტაპი იწყება".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "მილანი" 43 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.    

სხვა სტატიები