Belive

ინდონეზიაში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,არემასა'' და ,,პერსებაიას'' შორის ინდონეზიის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას სულ მცირე 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს.

მატჩმა, რომელიც დერბად ითვლება, ქომაგების დიდი ყურადღება მიიპყრო. საფინალო სასტვენის შემდეგ, სტადიონზე არეულობა დაიწყო, დაცვის სამსახურმა ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა, გაზონზე კი მაყურებლები შევარდნენ. ფანებმა პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მათ წინააღმდეგ კი სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამ ყველაფერმა გულშემატკივრებს შორის პანიკა გამოიწვია, ადამიანთა დიდმა რაოდენობამ გაქცევა დაიწყო, რასაც ჭყლეტა მოჰყვა.

პოლიციის ინფორმაციით, სტადიონზე ჭყლეტის დროს 34 ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელია.

ინდონეზიის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ სტადიონზე, რომელიც 38 ათას ადამიანს იტევს, 42 ათასი ბილეთი იყო გაყიდული.

ინციდენტის შემდეგ, ინდონეზიის ფეხბურთის ასოციაციამ მატჩები ერთი კვირით გადადო, ,,არემას'' კი საკუთარ სტადიონზე ბილეთების გაყიდვა სეზონის ბოლომდე აუკრძალა.

სხვა სტატიები