Belive

ინიესტამ ტორესს ემოციური წერილი მისწერა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ახლა "კობეს" ლიდერმა, ანდრეს ინიესტამ თანამემამულე ფერნანდო ტორესს ემოციური წერილი მისწერა. რამდენიმე საათის წინ, ტორესმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. "საგან ტოსუ", რომელშიც ბოლოს ტორესი თამაშობდა, სწორედ ინიესტას "ვისელ კობეს" დაუპირისპირდა. ინიესტამ ტორესს წერილი მატჩამდე მიწერა. ის და ტორესი ესპანეთის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და ერთად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობა.
"ფეხბურთმა ჩვენ ერთმანეთი გვაპოვნინა, ჯერ კიდევ 20 წლის წინ, როდესაც ბავშვები ვიყავით. შენ ყოველთვის ელ ნინიო იქნები. ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს. არასდროს დამავიწყდება შენს მიერ გატანილი გოლი 16 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის წინააღმდეგ. შენ ის გოლი მე მომიძღვენი. მე თამაშს სახლში ვუყურებდი, რადგან ტრავმის გამო სამშობლოში დაბრუნება მომიწია და ნაკრებს ვერ ვეხმარებოდი. ბევრი რამ გამოვიარეთ, სანამ შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. არ არსებობს უფრო დიდი მონაპოვარი, ვიდრე ჩვენი მეგობრობაა. რა საოცარია ფერნანდო, შენ ჯერ კიდევ არ წასულხარ ფეხბურთიდან და უკვე გვენატრები" - წერს ინიესტა.
"ელ ნინიო", როგორც ტორესს უწოდებდნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2-გზის ევროპის ჩემპიონია და 1-გზის მსოფლიო ჩემპიონი. მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 110 მატჩი აქვს ჩატარებული და 38 ბურთი გატანილი. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის წლების განმავლობაში მადრიდის "ატლეტიკოს", "ლივერპულის", "ჩელსის", "მილანისა" და "საგან ტოსუს" ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში მას 766 თამაში აქვს ჩატარებული და 262 გოლის გატანა შეძლო.        

სხვა სტატიები