Belive

ინფანტინო: ,,ევროპამ მომდევნო 3 ათასი წლის განმავლობაში ბოდიში უნდა იხადოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ყატარის მიმართ ევროპული ქვეყნების კრიტიკას უპასუხა:

,,დღეს თავს ყატარელად ვგრძნობ, დღეს თავს არაბად ვგრძნობ, დღეს თავს აფრიკელად ვგრძნობ, დღეს თავს გეიდ ვგრძნობ, დღეს თავს შშმ პირად ვგრძნობ, დღეს თავს მიგრანტ მუშად ვგრძნობ... არც ყატარელი ვარ, არც - აფრიკელი, არც - გეი, არც - შშმ პირი, ნამდვილად არ ვარ მიგრანტი მუშა, მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს იყო დისკრიმინებული და დაჩაგრული, რადგან სკოლაში წითელი თმისა და ჭორფლების გამო მაბულინგებდნენ.

მე ევროპელი ვარ. ვფიქრობ, ჩვენ, ევროპელებმა, სანამ სხვას ზნეობას ვასწავლით, იმის გამო, რასაც მთელი 3 ათასი წელი ვაკეთებდით, მომდევნო 3 ათასი წლის განმავლობაში ბოდიში უნდა ვიხადოთ.

რეალურად ვინ ზრუნავს მუშებზე? ფიფა, ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი და გულწრფელად რომ ვთქვათ, ყატარი. რამდენიმე დღის წინ, ვიყავით ღონისძიებაზე, სადაც ავხსენით, რას ვაკეთებთ შშმ პირებისთვის. ამ პრესკონფერენციაზე 400 ჟურნალისტი შეიკირება, ის ღონისძიება კი სულ ოთხმა ჟურნალისტმა გააშუქა. არადა, მსოფლიოში მილიარდამდე შშმ პირია... ეს არავის ადარდებს.

ევროპას შეუძლია, რომ ამ მუშებისთვის იგივე გააკეთოს, რაც ყატარმა გააკეთა. შექმენით რამდენიმე ლეგალური არხი, რომლითაც მიგრანტთა ნაწილი ევროპაში ჩამოვა. ისინი ცოტას გამოიმუშავებდნენ, მაგრამ სამსახურს და მომავლის იმედს გაიჩენდნენ,'' - განაცხადა ინფანტინომ.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 20 ნოემბერს, ყატარისა და ეკვადორის შეხვედრით გაიხსნება. ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები