Belive

ინტერი - ბარსელონა (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართება.  ტურის ცენტრალური მატჩი B ჯგუფში შედგება, სადაც მილანის "ინტერი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. ჯგუფს 9 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს "ბარსელონა". "ინტერი" 6 ქულით მეორე ადგილზეა. მესამე და მეოთხე პოზიციებს კი თითო ქულით "ტოტენჰემი" და "პსვ" იკავებენ. წინა ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ინტერი" "ნოუ კამპ"-ზე მიიღო და ლიონელ მესის გარეშე, ძალიან დამაჯერებლად რაფინია ალკანტარასა და ხორდი ალბას გატანილი ბურთებით  2:0 დაამარცხა.
ბოლო პერიოდში ორივე გუნდმა თამაში გამოასწორა. "ინტერმა" ბოლო 5 შეხვედრაში ოთხი მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. გაიტანა 11 ბურთი და გაუშვა 3. "სერია ა"-ს ბოლო ტურში მილანურმა კლუბმა "ჯენოა" 5:0 გაანადგურა. მანამდე 3:0 მოუგო "ლაციოს". დღევანდელ დაპირისპირებაში "ინტერს" დანაკლისი არ აქვს. გუნდი ოპტიმალური და უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. "სერია ა"-ში გუნდი მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება "ბარსელონას", გუნდი ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. ბოლო მატჩებში ფორმაში შევიდა და ძალიან მნიშვნელოვან დაპირისპირებებში გამარჯვება მოიპოვა. ბოლო ხუთ თამაშში ერნესტო ვალვერდეს მომზადებულმა გუნდმა ყველა მოიგო. გაიტანა 15 ბურთი და გაუშვა 6. საკუთარ მოედანზე 5:1 გაანადგურა მადრიდის "რეალი". შემდგომ სათასო შეხვედრაში "კულტურალ ლეონესას" 0:1 სძლია და "ლა ლიგის" ბოლო ტურში 2:3 მოუგო "რაიო ვალეკანოს". კატალონიელთა სასიხარულოდ ტრავმის შემდგომ დაბრუნდა ლიონელ მესი, რომელიც დღევანდელი შეხვედრის განაცხადში მოხვდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ აპირებს. ამის მიზეზად კი ტრავმის შესაძლო გართულება დასახელდა. კვლავ ტრავმირებულები არიან ცენტრალური მცველები, სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი, თუმცა უმტიტის სრულფასოვნად შეცვლა მისმა თანამემამულემ, კლემენ ლენგლემ შეძლო. ლენგლე ბოლო თამაშებში უმაღლეს დონეზე ირჯება. დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, "ბარსელონა" მერვედფინალის საგზურს გაინაღდებს და ჯგუფის ბოლო ორი მატჩი ფორმალობად გადაიქცევა. "ლა ლიგა"-ში გუნდი პირველ ადგილზეა. შეხვედრას პოლონელ არბიტრთა ჯგუფი განსჯის. მთავარი მსაჯი სჟიმონ მარჩინიაკია. დამხმარე არბიტრები კი პაველ სოკოლნიცკი და ტომას ლისტკიევიჩი იქნებიან. შეხვედრა თბილისის დროთ 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები