Belive

იოზილი | ფენერბახჩე ან MLS-ი!

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მესუთ იოზილის კარიერა ლონდონში დასასრულს უახლოვდება. 2018 წელს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი და “სამეფო კლუბის” ყოფილი ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ იოზილი "მეთოფეების" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება - პოსტ-ვენგერისეულ "არსენალში" მისი ადგილი აღარაა. მიკელ არტეტამ მტკიცედ მიანიშნა, რომ იოზილი მის ფავორიტთა შორის არაა და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იგი "არსენალს" დატოვებს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იოზილს დრო უქმად არ დაუკარგავს და უკვე იპოვა ახალი კლუბი. წყაროს მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იოზილი თავისუფალი აგენტის სტატუსით "არსენალს" დატოვებს. მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის მომდევნო კლუბად კი "ფენერბახჩე" ან "დისი იუნაიტედი" სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოზილსა და “დისი იუნაიტედის” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. “არსენალის” ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს MLS-ის ბინადარი კლუბი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს. შეგახსენებთ, 2018 წელს, “დისი იუნაიტედმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი უეინ რუნი გაიფორმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იოზილის სამსახურით “ფენერბახჩე” ინტერესდება. თურქული კლუბი მზადაა იოზილს 3.5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ამყარებს, რომ იოზილი "ფენერბახჩეს" გულშემატკივარია. Twitter-ზე, ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ დასმულ კითხვას: აპირებს თუ არა კარიერის გაგრძელებას "არსენალის" დატოვების შემდეგ? 32 წლის ვარსკვლავმა საინტერესო პასუხი გასცა:
"აუცილებლად! მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც კარიერის დასრულებამდე თამაში მსურს - თურქეთი და აშშ. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთს ავირჩევ, მხოლოდ "ფენერბახჩეს" მაისურს მოვირგებ. ბავშვობიდან "ფენერბახჩეს" ვგულშემატკივრობ. გერმანიაში დაბადებული ყველა თურქი გულშემატკივრობს თურქულ კლუბს." "ჩემს შემთხვევაში ეს კლუბი "ფენერბახჩეა". თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ "ფენერბახჩე" ისეტივე კლუბია, როგორიც "რეალი" ესპანეთში. ისტორიური და ტიტულოვანი კლუბი. "ფენერბახჩე" თურქეთის უდიდესი გუნდია", - აღნიშნა მესუთ იოზილმა.
შეგახსენებთ, მესუთ იოზილი "არსენალს" 2013 წელს შეუერთდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იოზილმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მან მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში იოზილს არც ერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ, იგი პრემიერ ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა.

სხვა სტატიები