ირაკლი ძარია: “ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა”

გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა. 31 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი წელი უცხოეთში, ჯერ ალბანეთში შემდეგ კი მალტაში გაატარა, ხოლო მიმდინარე წლის ზამთრიდან ქუთაისის “ტორპედოს” შეუერთდა.

ქართველმა ფეხბურთელმა უცხოეთში გატარებული პერიოდის და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ. როგორია შენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პირობებში?

მადლობა, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იმედია ეს არასასიამოვნო სიტუაცია მალე დასრულდება, ზოგჯერ დაჯერებაც კი მიჭირს და თავი სიზმარში მგონია.

ყოველდღიურად ვვარჯიშობ, მაგრამ ცხადია ეს ფეხბურთელის ჩვეული რეჟიმის მინიმუმიც არ არის. მართალია, კლუბში ფიზიკური მომზადების პროგრამა მოგვცეს, მაგრამ არ გვაქვს ბურთთან შეხება, ვერ ვვარჯიშობთ გუნდურად, ასე კი ფორმის შენარჩუნება რთულია.

დროს უმეტესად ოჯახთან ერთად ვატარებ. ვთამაშობ შვილთან ერთად, დავრბივარ ეზოში, ვკითხულობ წიგნებს და “ფიფას” ვთამაშობ.

უცხოეთში ორი წელიწადი გაატარე. როგორ გაიხსენებ ამ დროს?

“კუკესი” კარგი გუნდია და იქ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი გავატარე. ვითამაშე ევროპის ლიგის შესარჩევში მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად. ბოლოს იყო პრობლემებიც, უმეტესად კი მას მერე, რაც “ტორპედოსთან” გავვარდით, ქართველების და საქართველოს მიმართ ბევრი არასასიამოვნო რამ მოვისმინე, რასაც ვერ შევეგუებოდი.

შემდეგ იყო “მალტა” და ამ ქვეყნის საუკეთესო კლუბი “ვალეტა”. 1-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. სეზონი კარგად დავიწყე, სტაბილურად ვთამაშობდი და 3 გოლიც გავიტანე, მაგრამ ზამთარში ახალ პირობებზე ვერ შევათანხდით და ხელშეკრულება გავწყვიტეთ.

ირაკლი ძარია: "ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა" 1

ალბანეთი თუ მალტა, სად უფრო უკეთესი საფეხბურთო გარემოა?

ალბანეთი საფეხბურთო დონით გაცილებით უკეთესია. 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად დახარჯვა გმართებს. მატჩების უმეტესობა დაძაბული გამოდის და მოედანზე უკვე გამარჯვებულის გაწნყობით გასვლა არ შეიძლება. რასაც ვერ ვიტყვი მალტაზე, აქ მხოლოდ 3-4 გუნდია, რომელთანაც კონკურენციის გაწევა გიწევს, შესარებით სუსტი კლუბების დამარცხება კი მარტივია.

თუმცა, ალბანეთში ფეხბურთისთვის საზიანო რაღაცებიც ხდება. აი, სწორედ “ტორპედოსთან” მეორე მატჩში კითხვის ნიშნები გაჩნდა მსაჯის მიმართ, რომელიც მაშინ “კუკესის” მხარეს იჭერდა. ამ თამაშის შემდეგ მეკარე და მცველები გაუშვეს…

ირაკლი ძარია: "ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა" 2

სამშობლოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტე?

სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობდი. მალტიდან ჰაერზე არ წამოვსულვარ, იყო რამდენიმე შემოთავაზება უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ყველაზე კარგ ვარიანტად “ტორპედო” მეჩვენა და ამიტომ დავბრუნდი.

“ტორპედო” ისტორიული გუნდია, ამ ქალაქში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და სეზონის განახლებას სულმოუთქმელად ელოდება. ამ გუნდმა უახლოეს წარსულში საქართველოში ყველაფერი მოიგო და ევროპის ლიგის ფლეი-ოფშიც ითამაშა. სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობაა, კლუბში ყველაფერი ბოლომდე დალაგებული არ არის, მაგრამ სწორედ ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ “ტორპედოში” მივედი. ამ კლუბს გვერდში დგომა სჭირდება და ყველა ფეხბურთელმა უნდა იფიქროს, რომ “ტორპედოს” ჩვეულ სიმაღლეებზე დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ “ტორპედო” მალე დაბრუნდება და თავის სიტყვას კვლავ იტყვის.

ირაკლი ძარია: "ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა" 3როგორ ფიქრობ, საჭიროა თუ არა სეზონის განახლებამდე ხელახალი შეკრების გავლა?

აუცილებელია. ეს პროგრამა, რომლითაც ახლა ვვარჯიშობთ, საკმარისი არ არის. ეს მხოლლდ იმას ემსახურება, რომ ფეხბურთელებმა ელემენტარული კონდიციები შეინარჩუნონ.

იმედი მაქვს, გუნდებს 2-3 კვირა მაინც მიეცემათ ფორმის აღსადგენად. თანაც, სეზონის დაწყების წინ, ჩვენ შეკრების ნორმალურად გავლა ვერ მოვახერხეთ, ზოგჯერ თოვლი გვიშლიდა ხელს და დარბაზში ვვარჯიშობდით, ახლა კი იმედია სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცემა.

შენ სანაკრებო გამოცდილებაც გაქვს. როგორ ფიქრობ, ბელარუსში ჩემპიონატის გაგრძელება ერთა ლიგაზე ჩვენს მეტოქეს უპირატესობას ხომ არ შეუქმნის?

პირველ რიგში არ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ ბელარუსში საკუთარ მოქალაქეებს რისკის ქვეშ აყენებენ, ფეხბურთელებს გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და ყველას ვინც სტადიონზე მიდის. გარკვეულწილად, ეს მეტოქის უპირატესობაა, მაგრამ იმედია ჩვენს ფეხბურთელებს ფორმის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემათ და დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მაქსიმუმს გააკეთებს.

ირაკლი ძარია: "ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა" 4ბოლოს, შენი კარიერის ყველაზე გამორჩეული მატჩი და გოლი გაიხსენე.

ალბათ, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. სანაკრებო გოლი დანიის ნაკრების კარში და ასევე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში “კუკესის” მაისურით გატანილი გოლი, რომლითაც შემდეგ ეტაპზე გავედით.

(978)

ირაკლი ძარია: “ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ტორპედო დაბრუნდება და მინდოდა ამ საქმეში წვლილი შემეტანა”

სტატიის ავტორი
-