Belive

ისევ ლიცენზიის პრობლემა, როგორი იქნება ჩისკოს მომავალი? - ინგლისური მედია დინამო თბილისის ყოფილ მწვრთნელზე წერს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩისკო მუნიოსის მიერ გაწვრთნილმა "უოტფორდმა" პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. "დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდი მომავალი სეზონიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა როგორი იქნება თავად ესპანელი სპეციალისტის მომავალი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამის შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა givemesport-ი ავრცელებს და შემდეგ წერს, რომ 40 წლის მწვრთნელის მომავალი უეფას PRO ლიცენზიის აღებაზეა დამოკიდებული.
"როდესაც "უოტფორდმა" გასული წლის დეკემბერში ჩისკო ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარადგინა, მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩისკო ის პიროვნება არ ყოფილა, რომელსაც გუნდის პრემიერ ლიგის გზაზე დაყენება შეეძლო, რადგანაც მას იქამდე ინგლისურ ფეხბურთში არასდროს უთამაშია. მართალია, ესპანელს გარკვეული დრო დასჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის, მაგრამ 4-3-3 ფორმაციის დანერგვამ გარკვეულწილად დადებითი შედეგები მოიტანა. ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან ცხრაში გამარჯვებამ, "უოტფორდს" საშუალება მისცა, საგრძნობლად ჩამოეტოვებინა უახლოესი მეტოქეები და გასული კვირის ბოლოს "მილუოლთან" გამარჯვებით პრემიერ ლიგაში დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მუნიოსის მთავარი აქცენტები ჩემპიონატის დასრულებამდე "ბრენტფორდსა" და "სუონსისთან" დადებითი შედეგების დაფიქსირებისკენ იქნება მიმართული, მისი მომავალი "ვიქერეიჯ როუდზ" ჯერჯერობით გაურკვეველია. Watford Observer-ის ინფორმაციით, ესპანელი მომავალ სეზონშიც გუნდის მმართველობაში დარჩება, რადგან ამჟამად იგი UEFA Pro ლიცენზიის მოპოვებაზე მუშაობს, რაც პრემიერ ლიგაში მუშაობის საშუალებას მისცემს. კლუბებს აქვთ უფლება, სპეციალური უფლება მოითხოვონ მწვრთნელებისთვის, რომლებიც ამ კვალიფიკაციის მოპოვების პროცესში არიან, როგორც ამას ადრე პოლ ინსი "ბლექბერნ როვერსში" 2008 წელს აკეთებდა, ისევე როგორც "ტოტენჰემის" ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელი რაიან მეისონი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კარგი ამბავია "უოტფორდის" გულშემატკივრებისთვის, რადგან მუნიოსმა 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, მთლიანად შეცვალა კლუბის ბედი და ამრიგად, სირცხვილი იქნებოდა, თუ იგი ვერ შეძლებდა პრემიერ ლიგაში მუშაობას.
No description available.
გარდა ამისა, მან იპოვა შესანიშნავი შემადგენლობა ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად. "დინამო თბილისის" ყოფილმა მწვრთნელმა, ისმაილა სარსა და ჟოაო პედროს მეტი თავისუფლება და მაღალ დონეზე საკუთარი თავის უფრო მეტად წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა, რამაც თავის მხრივ უდიდესი როლი ითამაშა გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში. თუ ჩისკოს სათანადო მხარდაჭერა ექნება მომავალ სატრანსფერო სეზონში, საინტერესო სანახავი იქნება შეძლებს თუ არა მის მიერ აშენებული ახალი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ინგლისის საუკეთესო კლუბებისთვის კონკურენციის გაწევას.", - წერს givemesport-ი ჩისკო მუნიოსის შესახებ. "უოტფორდში" დანიშვნის შემდეგ, ჩისკომ გუნდს 25 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 17 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები