Belive

იტალიური და ნიდერლანდური მედია: "კვარა არაჩვეულებრივია, შეუჩერებელი, ფენომენი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” საშინაო კედლებში – 4:2 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩას მორიგ გამორჩეულ შეხვედრას იტალიური და ნიდერლანდური მედია-საშუალებები გამოეხმაურნენ, რომლებმაც 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს და მისი თამაში კომენტარითაც შეაფასეს.

SportMediaset.it: (8 ქულა) - "ხვიჩა დღევანდელი საღამოს ვარსკვლავია. შეუდარებელია ბურთიანად ღია სივრცეში ყოფნის დროს. მის შესაძლებლობებს ბევრი კარგად არ იცნობს და ეს ეხმარება, რომ აჩქარების დროს მეტოქეები დაამარცხოს. იგი ადგილიდან მიზანმიმართულად იძვრება კარისკენ და უმეტეს შემთხვევაში ამ მოქმედებებს გოლი მოჰყვება ხოლმე".

Corriere dello Sport: (8 ქულა) - "კვარაცხელია გიჟურ ფეხბურთს თამაშობს და უფრო და უფრო გუნდური მოთამაშე ხდება. მეორეს მხრივ, იგი ფენომენია. კვარამ დაამარცხა სანჩესი და ტეილორი. მან საგოლე პასის გაკეთება და პენალტის გოლად ქცევა შეძლო. ხვიჩა კვარაცხელია არაჩვეულებრივია, შეუჩერებელი".

Areanapoli.it: (8 ქულა) - "არ აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება კვარაცხელიას წინააღმდეგ - რენსხი ამსტერდამში თუ სანჩესი ნეაპოლში. იგი გიჟურ ფეხბურთს თამაშობს, აჩქარებით, დრიბლინგით და სივრცეების პოვნით. მეტოქეები მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან, რადგან კვარას შეჩერების სხვა გზა არ აქვთ. იგი დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ფენომენალურია, როგორც ეს რასპადორის გოლის დროს გააკეთა. მან პენალტი გოლად აქცია და ანგარიში - 3:1 გახადა. 77-ე წუთზე, როცა კვარაცხელია ელიფ ელმასმა შეცვალა, სტადიონმა აპლოდისმენტების ფონზე გააცილა".

ნიდერლანდური გამოცემა AD: "ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია ხორხე სანჩესთან - რომელიც საკმარისად კარგი აღმოჩნდა დევინე რენსხის ჩასანაცვლებლად, ასევე უპრობლემო იყო დაბალი სიჩქარით მოთამაშე დალეი ბლინდის წინაღმდეგ".

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 13 მატჩში გატანილი 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები