Belive

იტალიური მედია: იუვენტუსს ზიდანი ან კონტე ჩაიბარებს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონი მასიმილიანო ალეგრისთვის "იუვენტუსში" უკანასკნელი იქნება. მის შემსცვლელებად კი ამჟამად უგუნდოდ მყოფი ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე მოიაზრებიან. ალეგრი "იუვენტუსის" სათავეში უკვე მე-5 სეზონია. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ალეგრის ხელმძღვანელობით, ზედიზედ მე-5 სერია ა-ს ტიტულის მოპოვებასთან ახლოსაა: უახლოესი მდევარი, "ნაპოლი," ტურინელებს 18 ქულით ჩამორჩება. ადგილობრივ დონეზე დომინაცია ევროპულ სარბიელზეც არ გარცელებულა: უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის მოგება ტურინელებმა 1995-96 წლების სეზონში მოახერხეს. ალეგრიმ გუნდი ფინალში ორჯერ გაიყვანა, თუმცა "ბარსელონამ" და "რეალმა" "იუვენტუსი" დიდი ანგარიშით დაამარცხეს (3:1 და 4:1). აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას მიმდინარე კვირას შეხვდა, რაც იტალიელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ. ალეგრის გათავისუფლების შემთხვევაში ზიდანის ან კონტეს მოყვანის პერსპექტივის სჯერა "იუვენტუსის" ლეგენდას, ურუგვაელ ფეხბურთელ პაოლო მონტეროს: "ნამდვილად არ გამიკვირდება ეს თუ მოხდება. თუკი ალეგრი გუნდს დატოვებს, "იუვენტუსი" მის ჩანაცვლებას უმაღლესი დონის სპეციალისტით შეეცდება," აღნიშნა ურუგვაელმა. აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსსა" და ალეგრის ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული გამოცდა ელოდებათ: "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "ატლეტიკოსთან" ანგარიშით 2:0 დათმო. "ზიზუ და ანტონიო გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელები არიან. ისინი ტურინულ გუნდს კარგად იცნობენ და აქ მათ დიდი ავტორიტეტი აქვთ," დაამატა მან.

სხვა სტატიები