Belive

იტალიური მედია: "მაურიციო სარის​ კვარაცხელიას წაყვანა იუვენტუსში სურდა, მაგრამ უარი უთხრეს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას სერია A-ში თამაში რამდენიმე წლის წინაც შეეძლო. საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა მისი გუნდში მიყვანა მაურიციო სარის სურდა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ამ ტრანსფერზე უარი უთხრა.

"ხვიჩა კვარაცხელიას, "ნაპოლის" ახალ ქართველ ფენომენს, ჯერ კიდევ 3 წლის წინ შეეძლო იტალიის გაოცება, როცა მაურიციო სარიმ, "ლაციოს" ამჟამინდელმა მწვრთნელმა იგი 2019 წელს, "რუსთავში" თამაშის დროს აღმოაჩინა. ეს ტრანსფერი რომ გამოსულიყო, დღეს მაქსიმილიანო ალეგრი თავს კომფორტულად იგრძნობდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ მას უარი უთხრა.

ამ ტრანსფერის კიდევ ერთი მცდელობა "იუვეს" მიმდინარე წლის ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ აქ უკვე "ნაპოლიმ" იმარჯვა და იგი 10 მილიონ ევროდ დაიმატა. ეს ნეაპოლელებმა შუამავლის, კრისტიან ძაკარდოს მეშვეობით მოახერხეს, რომელმაც ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება წინა წლის შემოდგომაზე დაიწყო, უკრაინაში მიმდინარე ომმა კი ჯუნტოლი კიდევ უფრო დაარწმუნა ტრანსფერის რეალურობაში და კვარაცხელია გუნდს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მაურიციო სარის ასევე ჯაკომო რასპადორიც მოეწონა, მაგრამ როგორც გაირკვა, 30 მილიონი ევრო "იუვენტუსის" ჯიბისთვის ძვირი აღმოჩნდა", - წერს რომაული გამოცემა Il Messaggero.

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 13 მატჩში გატანილი 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები