Belive

იტალიური პრესის პირველ გვერდებზე: "ფენომენი - კვარასთან ერთად ნაპოლის სკუდეტოს დრო დგება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური სპორტული პრესის პრესტიჟული გამოცემების პირველი გვერდები საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას აქვს დაკავებული.

Il Mattino-ის პირველ გვერდზე შემდეგ სათაურს შევხვდებით: "ადამიანი, რომელმაც კვარას ფენომენი აღმოაჩინა, მისი კარიერის საწყის" პერიოდს იხსენებს". შემდეგ გვერდებზე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის ინტერვიუს ვხვდებით, რომელიც თავდაპირველად ონლაინ ვერსიით გამოქვეყნდა და ის უკვე შემოგთავაზეთ".

რაც შეეხება Tuttosport-ს, მათ პირველი გვერდი ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, სალვატორე ბაგნის ინტერვიუს ეთმობა, სადაც იგი შემდეგ ფრაზას ამბობს: "კიმი, კვარა და რასპადორი, მათთან ერთად "ნაპოლის" მიერ სკუდეტოს მოგების დრო დგება".

კვარაცხელიას, შემდეგი მატჩი 9 ოქტომბერს, ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს, თუმცა შესაძლოა 21 წლის ქართველმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს, რასაც იტალიური მედია მის მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "აიაქსის" წინააღმდეგ მიღებული მცირე დაზიანების გამო ვარაუდობს.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები