Belive

იცოდით, რომ Faithless-ის სოლისტი კრისტალ პალასის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Insomnia, God is a DJ, We come 1 - ეს იმ შესანიშნავი ტრეკების მცირე ჩამონათვალია, რომელიც Maxi Jazz-ის სახელით ცნობილ მაქსველ ფრეიზერის შემოქმედებას უკავშირდება. ელექტრონიკის, ტრიპ ჰოპის და ჰაუსის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ფეხბურთთანაც აქვს კვეთა: სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა შესაძლოა არც იცოდნენ, რომ წლების წინ, Faithless-ის სოლისტი, მაქსველ ფრეიზერი, "კრისტალ პალასის" ასოცირებული დირექტორად დაინიშნა - ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი ჩვენც ახლახან შევიტყვეთ. Maxi Jazz-ი 1957 წელს, ბრიქსტონში დაიბადა, საიდანაც "სელჰერსტ პარკამდე" სულ რაღაც 20 წუთის სავალია. 60-იანი წლებიდან, იგი "არწივების" გულშემატკივარი იყო:
"არ მავიწყდება ჯონ ჯექსონის თამაში და მანჩესტერ იუნაიტედის ანგარიშით 5:0 განადგურება. მაშინ 16 წლის ვიყავი. სტადიონზე დავკარგე ფული, სახლის გასაღები და ჩემი საყვარელი შარფი, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში. 
მართლაც, ჯონ ჯექსონი ლეგენდარული ფეხბურთელი იყო - სულ მინიმუმ, ლოკალურ დონეზე მაინც. ინგლისელმა მეკარემ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში 656 მატჩი ჩაატარა, "კრისტალ პალასის" ღირსებას კი 1964-1973 წლებში იცავდა - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც Maxi Jazz-ი სამყაროს ეცნობოდა.

მოუსმინეთ: Faithless - We Come 1


წლების შემდეგ, უკვე პოპულარული, შემდგარი მუსიკოსი "კრისტალ პალასმა" დირექტორთა საბჭოს წევრად მიიწვია. "ვერ აღგიწერთ, თუ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის. მე სამხრეთ ლონდონელი ვარ და კრისტალ პალასი ჩემი ცხოვრების ნაწილია", - თქვა მან.

"მახსოვს, დედაჩემს დავურეკე და ახალი ამბავი გავაგებინე, ძალიან ბედნიერი იყო. ბევრი რამ შეიცვალა: სტადიონზე მისვლისას, ოფიციალური ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა, შემდეგ კი მენეჯერებთან და ხელმძღვანელებთან ერთად მესადილა. რეალურად, ეს მაგარი იყო. როდესაც საუბარი ფეხბურთს ეხება, უბედნიერესი ადამიანი ვხდები", - თქვა Maxi Jazz-მა 2018 წელს, ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას.

სხვა სტატიები