Belive

იურგენ კლოპი: "ევროპულ თასებზე ყველაზე წარმატებულ მწვრთნელს ვუპირისპირდები"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ლისაბონის "ბენფიკასთან" ორი მატჩის ჯამში (6:4) გამარჯვების შემდეგ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კომენტარი გააკეთა.
"შესანიშნავი თამაში. აბსოლუტურად. ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი წარმატებით. ჩვენ ვისაუბრებთ საკუთარ თამაშზე, გაშვებულ გოლებზე და ა.შ. მაგრამ ეს იქნება მეორე დღეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული. "ვილიარეალი" ჩვენი შემდეგი მეტოქეა. ძნელი და ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მიუნხენის "ბაიერნთან" ორივე მატჩში მათ ძალიან კარგად ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს. მათი თამაში ჯერ არ გამიანალიზებია. მე ვიცი, რომ "ვილიარეალს" ალბათ ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჰყავს მსოფლიო ფეხბურთში სათასო შეჯიბრებებში, ამიტომ მან იცის რას აკეთებს და გუნდი მართლაც ძლიერია. ორი განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ სტუმრად და სახლში თამაშისას - აშკარაა, რომ მიუნხენში უფრო მეტად თავს იცავდნენ, ვიდრე სახლში. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება. არადა, ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რთული რომ არ იყოს, რაღაც რიგზე არ იქნებოდა. ჩვენი დღევანდელი მატჩი "ბენფიკასთან" ასევე ძალიან რთული იყო. "სიტის" წინააღმდეგ ბოლო თამაშთან შედარებით შემადგენლობაში შვიდი ცვლილება შევიტანე. კერძოდ, დაცვის ხაზს ასეთ კომბინაციაში არასდროს უთამაშია. ასე გადავწყვიტე წინა დღეს. მომეწონა ბიჭების თამაში. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ როდესაც ბურთს ვკარგავდით, ჩვენი დაცვა სრულყოფილად არ მოქმედებდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყველაფერი დეტალებს ეფუძნება", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მერსისაიდელები "ვილიარეალს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 27 აპრილს, ინგლისში, ხოლო საპასუხო 3 მაისს ესპანეთში შედგება.

სხვა სტატიები