Belive

იურგენ კლოპმა მანჩესტერის 10 წლის გულშემატკივარს წერილი გაუგზავნა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბრიტანულმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 წლის გულშემატკივარის წერილი. როგორც ირკვევა, მცირეწლოვანი დარა "ლივერპულის" შედეგებით ძალიან შეწუხებულია. მან იურგენ კლოპს სთხოვა, შეეწყვიტა გამარჯვების სერია და რაც მთავარია, გერმანელი სპეციალისტისგან ძალიან საინტერესო პასუხიც მიიღო.
ძვირფასო იურგენ კლოპ, მე დარა მქვია. 10 წლის ვარ. დავდივარ გლენსვილის სკოლაში, რომელიც დონეგალში მდებარეობს. მანჩესტერ იუნაიტედს ვგულშემატკივრობ და საჩივრის წერილს სწორედ ამიტომაც გწერთ. ლივერპული ძალიან ბევრ მატჩს იგებს. თუკი თქვენ კიდევ 9 მატჩში გაიმარჯვებთ, თქვენ გექნებათ ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. იუნაიტედის ფანისთვის, ეს ძალიან სევდიანი ამბავია. ასე რომ, შემდეგ მატჩში, გთხოვთ დამარცხდით. თქვენ უბრალოდ მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება უნდა მისცეთ. იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ, რომ პრემიერ ლიგა და საერთოდ, ნებისმიერი მატჩი მომავალში, არ უნდა მოიგოთ. პატივისცემით, დარა.
690

იურგენ კლოპის ბრწყინვალე პასუხი

ძვირფასო დარა, პირველ რიგში, მადლობას გიხდი იმისთვის, რომ მომწერე. ვიცი, არაფერ კარგს არ მისურვებ, თუმცა ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრის აზრის გაგება ყოველთვის სასიამოვნოა. ასე რომ, ვაფასებ, რომ დამიკავშირდი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შენს თხოვნას ვერ გავითვალისწინებ. როგორც არ უნდა გინდოდეს ლივერპულის მარცხი, ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. მსოფლიოში არსებობს მილიონობით ადამიანი, რომელსაც ლივერპულის გამარჯვება სურს, ასე რომ, მათ ვერ დავაღალატებ. შენთვის სასიხარულოდ, ჩვენ წარსულში არაერთი მატჩი წაგვიგია, რაც მომავალშიც მოხდება - ეს ფეხბურთია. 10 წლის ასაკში ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღეს არის, თუმცა მე, 52 წლის ადამიანი გეუბნები, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. შენი წერილის წაკითხვის შედეგად, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ერთი რამ არ შეიცვლება - შენი სიყვარული ფეხბურთისადმი და შენი საყვარული კლუბისადმი. მანჩესტერ იუნაიტედს გაუმართლა, რომ შენ ჰყავხარ. იმედი მაქვს, თუკი მატჩებსა და ტიტულებს კიდევ მოვიგებთ, შენ იმედგაცრუებული არ დარჩები, რადგან იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდები ერთმანეთის მტრები არიან, ჩვენ ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემაც გაგვაჩნია. ეს კი ჩემთვის, ფეხბურთის მთავარი არსია. წარმატებებს გისურვებ, თავს მიხედე, იურგენ კლოპი.

კლოპის პასუხი ცხადყოფს, თუ რამდენად განსხვავებული მართვის მეთოდია "ლივერპულში" - გუნდი წარმატებას არამარტო სტადიონზე, არამედ მის მიღმაც აღწევს. პასუხის გაცემა იმ გულშემატკივრის წერილზე, რომელიც პრინციპულ მეტოქეს ქომაგობს - ეს სწორედ კლოპის მიდგომისა და მისი დეტალებზე ორიენტირებულობის მაგალითია. კლოპის წერილს საინტერესო პოსტით გამოეხმაურა სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, ალექსი ჩიქოვანი, სადაც მან გერმანელი მწვრთნელის პასუხი "ლივერპულის" ბრენდინგთან დააკავშირა.

10 წლის გულშემატკივარს ენთუზიამი მოუწონა GiveMeSport-მა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" რთული მდგომარეობა ორიგინალურად შეაფასა: "სიმართლე ითქვას, ამ წერილს წარმატების მეტი შანსი აქვს, ვიდრე სოლსკიაერის ტაქტიკას," ვკითხულობთ პოსტში.

სხვა სტატიები