Belive

იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გამოთქვა მოსაზრება, თუ ვინ არის ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტი. წინა სეზონში "ლივერპულმა" როგორც იქნა, 30-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო და მოიგო ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული. სანამ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ფეხბურთი შეწყდებოდა, გერმანელი სპეციალისტის გუნდმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა სატურნირო ცხრილში მეტოქეებთან, ფეხბურთის გაგრძელების შემდეგ კი "ლივერპულს" ტიტულის ოფიციალურად გაფორმება აღარ გასჭირვებია. ტიტულის დაცვა ყველაზე რთული სწორედ პრემიერ ლიგაშია და 2020-21 წლების სეზონში ეს ამოცანა კლოპის გუნდისთვისაც, როგორც ჩანს, საკმაოდ რთული იქნება. გასათვალისწინებელია, რომ "ლივერპულს" ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი აკლია, მათ შორის: ალისონი, ჯო გომესი, ვირჯილ ვან დაიკი, ჯეიმს მილნერი და ტიაგო ალკანტარა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა და ჯერჯერობით ფავორიტი გამოკვეთილი არ არის. საინტერესოა, ვის მიიჩნევს გერმანელი სპეცილისტი ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტად ამ მომენტისთვის. კლოპის აზრით, მთავარი ფავორიტი ამ მომენტისთვის ლონდონის "ჩელსია". Goal-თან ინტერვიუში კლოპმა განაცხადა:
"როდესაც თამაშებს ვუყურებ, ვხედავ, რომ "ტოტენჰემი" ნამდვილად წარმატებულად ასპარეზობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის "ჩელსის" ყველაზე მეტი შანსი აქვს ტიტულისთვის ბრძოლაში". "მათ მძლავრი შემადგენლობა ჰყავთ, მშვენიერი მოთამაშეები და კარგადაც თამაშობენ. ახლა ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. სულ ეს არის".
მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" ნამდვილად ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და გუნდიც კარგად თამაშობს კლოპის მიერ მათი ფავორიტად დასახელება მაინც ცოტათი უცნაურია. ინგლისი ჩემპიონატის მე-11 ტურის შემდეგ ჩელსი პირველ ადგილს იკავებს 22 ქულით, მე-2 და მე-3 პოზიციაზე "ტოტენჰემი" და "ლივერპული" იმყოფებიან 21-21 ქულით, თუმცა მათ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე "იუნაიტედია" 19 ქულით 10 შეხვედრის შემდეგ. წინ მთელი სეზონია. თუ გავითავლისწინებთ, რომ ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა, ლიდერი კიდევ არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ, ჯერჯერობით ადრეა ვთქვათ, თუ ვინ არის გამოკვეთილი ფავორიტი.    

სხვა სტატიები