Belive

იყო თუ არა პენალტი? რამოსის ეპიზოდი ლაშა სილაგავამ შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" კატალონიური გრანდის მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. 24 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გამართულ მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "რეალმა" ფედე ვალვერდეს, სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩით გოლების წყალობით 1:3 გაიმარჯვა. "ბარსელონას" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორად ანსუ ფატი მოგვევლინა. უპრინციპულესი შეხვედრის 61-ე წუთზე, "ბარსელონას" კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ლენგლესა და რამოსის დაპირისპირების დროს, აშკარად გამოჩნდა, რომ "ბლაუგრანას" მცველი მადრიდელთა კაპიტანს მაისურზე ექაჩებოდა - ვიდეო რეფერის სისტემის (VAR) გამოყენების შემდეგ, ხუან მარტინეს მუნუერამ "ბარსელონას" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რამოსმა ზუსტად შეასრულა. ესპანელი არბიტრის გადაწყვეტილება უამრავმა მიმომხილველმა და გულშემატკივარმა გააკრიტიკა, თუმცა მუნუერას ბევრი მხარდამჭერიც აღმოაჩნდა, რომელთაც აღნიშნეს, რომ წესების დარღვევა აშკარა იყო და მუნუერამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ეპიზოდის შესაფასებლად, Live.ge FIFA-ს კატეგორიის ყოფილ არბირტ - ლაშა სილაგავას დაუკავშირდა.
"თვალსაჩინო დარღვევაა - აშკარად ჩანს, რომ ლენგლე რამოსს მაისურზე ქაჩავს. მაისურზე დაქაჩვამ წააქცია თუ არა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ პოზიციისთვის ბრძოლასა და სხვა საფეხბურთო ასპექტების მიხედვით, მომენტზე აშკარად იქონია გავლენა. წესების მიხედვით, თერთმეტმეტრიანი ნამდვილად დასანიშნი იყო - ამ გადაწყვეტილებას ვიდეო რეფერიც დაეთანხმა. თერთმეტმეტრიანის არდანიშვნის შემთხვევაში, მუნუერას გადაწყვეტილების ახსნა ძალიან გაუჭირდებოდა", - აღნიშნა ლაშა სილაგავამ.

ასევე იხილეთ: სერხიო რამოსმა რეალი კვლავ დააწინაურა (ვიდეო)

სხვა სტატიები