Belive

ჯაბა ჯიღაური: "ჩემპიონობა, თასი და ჯგუფი - შეუძლებელი არაფერია"

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ეროვნული ლიგის ახალ სეზონში, ბათუმის "დინამოს" პირველი გოლი ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა. 27 წლის ფეხბურთელმა ყოფილ გუნდს, "დინამო თბილისს" სტუმრად გაუტანა. სამშობლოში დაბრუნებულმა ნახევარმცველმა ახალი, შეწყვეტილი სეზონის, განვლილი პერიოდისა და სამომავლო გეგმების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ რიგში, გვითხარი, როგორია შენი ყოველდღიური რუტინა სახლის პირობებში? გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც სახლში ვვარჯიშობთ და მიუხედავად პაუზისა, ვცდილობთ ფორმა შევინარჩუნოთ. ვცდილობ ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, თანაც რამდენიმე დღის წინ შვილი შემეძინა. გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ. შენი აზრით, რა გავლენა ექნება უშუალოდ საფეხბურთო ჩემპიონატზე კორონავირუსს? გუნდებისთვის ამხელა პაუზა მძიმე იქნება, ვინაიდან მათ ფორმაში შესვლა გაუძნელდებათ. ჩვენ ორი ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ უცხოეთში და კმაყოფილები ვიყავით, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად ოფიციალური მატჩების ჩატარებაა საჭირო. გუნდები სწორედ მატჩიდან მატჩამდე უმატებენ და ასე შედიან ფორმაში, რისი შესაძლებლობაც ამჟამად არ გვეძლევა. ფორმაში შესვლა რომ ნებისმიერ გუნდს სჭირდება ეს საწყის ტურებშიც გამოჩნდა, როცა მოგება ვერ მოახერხეთ. ნამდვილად. პირველ ტურს ცხადია, ყოველთვის დაძაბულობა ახლავს თან და ფსიქოლოგიურად საკმარისად მზად არ ხარ. თანაც ახალამოსულმა გუნდმა მშვენიერი წინააღმდეგობა გაგვიწია.
მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდით და ყოფილ გუნდს გოლიც გაუტანე, რომელიც არ აღნიშნე... "დინამო თბილისში" 7 წელიწადი გავატარე და შესაბამისად ამ კლუბს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. ემოციების გამოხატვისგან თავი უნდა შემეკავებინა. აღიარებულმა ლიდერებმა: ბათუმის და თბილისის "დინამომ" და "საბურთალომ" პირველ ტურებში ქულები დებიუტანტებთან დაკარგეს. ეს ალბათ ნიშნავს, რომ ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია ეროვნულ ლიგაში. ასეა. როცა ეროვნულ ლიგაში დავბრუნდი, შევამჩნიე, რომ არცერთ გუნდთან მოედანზე მარტივი გამარჯვების იმედად გამოსვლა არ შეიძლება. ამის მაგალითია წინა სეზონის გავარდნილი "ვიტ ჯორჯია", რომელიც ჩამოვიდა ბათუმში, გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა. ყველა გუნდთან მაქსიმალური მობილიზებით და კონცენტრაციით უნდა ითამაშო.
წინა სეზონი ბათუმის "დინამოსთვის" შთამბეჭდავი იყო, თუმცა ტიტულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხეთ, შენი აზრით, რა დააკლდა გუნდს ჩემპიონობამდე? პირველ რიგში ქულები. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ვერ მოვიგეთ. ბევრი ქულა დავკარგეთ შედარებით სუსტ გუნდებთან, რაც საბოლოოდ გარდამტეხი გამოდგა. რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში? გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, რადგან სიურპრიზის შემოთავაზება ყველა გუნდს შეუძლია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. გვინდა მოვიგოთ ჩემპიონატი, თასი და ევროპის ლიგის ჯგუფში გავიდეთ. შეუძლებელი არაფერია. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებამდე 3 წელიწადზე მეტი გაატარე უცხოეთში. რომელ პერიოდს გაიხსენებ ყველაზე კარგად? მაკედონიას, სადაც "ვარდარში" ვთამაშობდი და ევროპის ლიგის ჯგუფში გავედით. სტუმრად "ფენერბახჩეს" გავუტანე და ჯგუფის საგზური მოვიპოვეთ. იმ პერიოდში, ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი. ეროვნული ნაკრები ახსენე. ისტორიული მატჩის გადადება და ბელარუსის ჩემპიონატის გაგრძელება ჩვენს მეტოქეს უპირატესობას ხომ არ უქმნის? გააჩნია როდის ჩატარდება მატჩი. ჩემი აზრით, ჯობია ჩემპიონატების განახლებიდან ორი კვირის შემდეგ მაინც, რადგან თითქმის ყველა ჩემპიონატი გაჩერებულია, სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა, ერთი მატჩია, რომელშიც ყველაფერი ხდება და იმედია ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
საშინაო არენასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს შენთვის კარგად ნაცნობია ბათუმელი გულშემატკივრის მეშვეობით. რას იტყვი მათ შესახებ? მათზე საუბარი გაუჩერებლად შემიძლია. მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს. მთელი სიამოვნებაა მოედანზე გამოსვლისას მათი სახეების დანახვა. უდიდეს მუხტს და სტიმულს გვაძლევენ. რაც ჩვენთვის კარგია, მაგრამ გასვლითი თამაშებიც გვაქვს და გვსურს, რომ იგივე ატმოსფერო სხვა სტადიონებზეც ვიხილოთ. არადა, არსებობენ გუნდები, რონლებსაც სტადიონის გავსების პოტენციალი აქვთ.
შენი აზრით, დედაქალაქის გუნდების მატჩებზე რეგიონებთან შედარებით ნაკლები ხალხი რატომ დადის? ალბათ ეს ცხოვრების ტემპის ბრალია. თბილისში თითქოს გასართობიც მეტია და პრობლემაც. რეგიონებში კი ფეხბურთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბათუმელი გულშემატკივარი ახლა ყველაზე მეტად ახალ სტადიონს ელოდება. რამდენ ხანში ვიხილავთ ბათუმის "დინამოს" ახალ არენაზე? როგორც ვიცი, მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა ამ პერიოდშიც კი. თითქმის ყველაფერი დასრულებულია, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, (გასახდელები და ა.შ). როგორც ვიცი, მაისში სავარაუდოდ ახალ სტადიონზე თამაშს შევძლებთ. თავდაპირველად გახსნის დღედ მეორე წრეში "დინამოსთან" მატჩი სახელდებოდა. სავარაუდოდ, ჩემპიონატის განახლებისთვის, სტადიონი მზად იქნება.
ბოლოს მინდა გულშემატკივარს სიმშვიდისკენ და სიფრთხილისკენ მოვუწოდო, სახლში დავრჩეთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის და საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ერთად დავამარცხოთ COVID19!

სხვა სტატიები