ჯანო ანანიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი კარიერა ასე აეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება”

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გუნდის 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად არ იმყოფება, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თანაგუნდელები გაამხნევა.

8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის.

ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში. 

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელორუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ.

ჯანო ანანიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი კარიერა ასე აეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება" 1

ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად.

წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას”, – დაწერა ანანიძემ Instagram-ში.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 8 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

 

(55)

ჯანო ანანიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი კარიერა ასე აეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება”

სტატიის ავტორი
-