Belive

ჯერარდი: სახელის უკვდავსაყოფად კლოპს ძეგლი უნდა დავუდგათ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მერსისაიდული გრანდის ლეგენდა - სტივენ ჯერარდი, კლოპის სახელის უკვდავსაყოფად მისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული პრემიერ ლიგა ოფიციალურად 17 ივნისს დაბრუნდება. ინგლისის ელიტურ საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატში, ჩემპიონის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" 25 ქულიანი სხვაობით უსწრებს და სეზონის დასრულების შემდეგ, ნანატრ ტიტულს დაეუფლება. 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში ლომის წვლილი იურგენ კლოპმა დაიდო. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, მერსისაიდელებმა ძლევამოსილება დაიბრუნეს და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის კვალდაკვალ, პრემიერ ლიგის ნანატრ ტიტულსაც ეუფლებიან. იურგენ კლოპის ღვაწლზე სტივენ ჯერარდმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ენფილდზე" კლოპის ძეგლი აუცილებლად უნდა დაიდგას. "ჩემი აზრით იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. რა თქმა უნდა უამრავი მაღალი დონის მენეჯერია - პეპ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, კარლო ანჩელოტი ფანტასტიკურია მაგრამ კლოპი განსაკუთრებულია. მთავარ მწვრთნელად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი რამხელა პასუხიმგებლობაა - იურგენ კლოპს უზომოდ ვაფასებ. ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად შრომობს. კლოპი მოვიდა და "ლივერპული" ახალ მწვერვალზე აიყვანა. შთამბეჭდავია მისი გავლენა თითოეულ ჩვენგანზე და შთამბეჭდავია მისი შეხედულებები. როდესაც უყურებ და აანალიზებ მის მიერ შესრულებულ სამუსაოს გამოგაქვს დასკვნა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს დიდებული მენეჯერების გვერდით დგომას. როდესაც კლოპი "ლივერპულში" მოვიდა, ჩვენ ინგლისის საუკეთესო ოთხეულშიც კი არ შევდიოდით - მასთან ერთად "ლივერპულმა" გასაოცარი ფინალები ითამაშა, მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს და 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონი ხდება. ხშირად ველოდებით ადამიანის ასაკში შესვლას, რათა ღირსეული პატივი მივაგოთ - ჩემი აზრით იურგენ კლოპი დღესვე უნდა დავაფასოთ. როდესაც "ლივერპული" პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს "ენფილდზე" კლოპის ძეგლის დადგმის სამზადისი", - აღნიშნა სტივენ ჯერარდმა.

სხვა სტატიები