ჯერარდის სამოტივაციო სიტყვები მილანთან 1-ელ ტაიმში 3:0 წაგების შემდეგ

2005 წლის 25 მაისს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მილანისა” და “ლივერპულის” ლეგენდარული დაპირისპირება შედგა. ზუსტად ამ დღეს, 17 წლის წინ, იტალიური და ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანებმა, სტამბოლში ნამდვილი საფეხბურთო დრამა დადგეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი “როსონერის” გამარჯვებით (3:0) დასრულდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მერსისაიდელები მატჩის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. სტივენ ჯერარდმა გასახდელში, “ლივერპულის” ფეხბურთელების მოტივირება შეძლო და მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა “ლივერპული” ვიხილეთ, რომელმაც მოწინააღმდეგეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის ძირითადი დროის ფრედ (3:3) დასრულების შემდეგ, დამატებითი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ასევე ფრედ დასრულდა – პენალტების სერიაში კი “ლივერპულმა” გაიმარჯვა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

“ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი – ჯიბრილ სისე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, ჯერარდის სამოტივაციო სიტყვებს იხსენებს.

ჯიბრილ სისე: “შესვენებაზე, გასახდელში რაფა გვესაუბრებოდა. ის ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ, რეალურად თამაშის ბედი ჯერარდის სიტყვებმა შეცვალა. ჯერარდმა ბენიტესსა და მის სამწვრთნელო შტაბს ზრდილობიანად სთხოვა, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და გვითხრა, რომ ის იყო “ლივერპულში” გაზრდილი ბავშვი, რომელიც მუდამ ამ კლუბში თამაშობდა და არ სურდა ეყურებინა, თუ რა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა “ლივერპული” და როგორი დამამცირებელი იყო კლუბის ამ მდგომარეობაში ხილვა”.

“თუ გოლს საწყის 15 წუთში გავიტანთ, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ – ჯერარდი იყო ის, რომელმაც ეს სიტყვები გვითხრა და პირველი გოლი გაიტანა. მის მიერ წარმოთქმული კაპიტნის სიტყვები იყო საუკეთესო, რომელიც ჩემი კარიერის განმავლობაში მომისმენია. მან ყველას სთხოვა ოთახიდან გასვლა, თვით რაფაც კი გაუშვა, რათა ფეხბურთელებთან მარტო დარჩენილიყო. სწორედ ამ შემართებამ შეგვმატა ძალა, რომ გავსულიყავით და თამაში მოგვეგო. ძალიან დიდი გამბედაობა გწირდება იმისათვის, რომ ასეთი რამ შეძლო. ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე გიჟური ღამე. ვისურვებ და იმედი მაქვს, რომ ბევრი ფეხბურთელი გამოცდის იმ ემოციებს, რომლებიც ჩვენ განვიცადეთ”.

ჯერარდის სამოტივაციო სიტყვები მილანთან 1-ელ ტაიმში 3:0 წაგების შემდეგ

სტატიის ავტორი
-