Belive

ჯოვანი ლო სელსო არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

ამის მიზეზი ის ფაქტი გახლავთ, რომ "ვილიარეალის" არგენტინელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

ლო სელსო 30 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ 24-ე წუთზე იძულებით შეცვალეს - მან მატჩის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო.

ესპანური მედიის ინფორმაციით, "ყვითელ წყალქვეშა ნავში" ლოდნონის "ტოტენჰემიდან" იჯარის წესით მყოფმა ფეხბურთელმა კონსულტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან გაიარა, რომელთა დასკვნითაც, მას ყატარში გამგზავრება აღარ შეეძლება.

გარდა 26 წლის ნახევარმცველისა, არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლიონელ სკალონის კიდევ ორი ფეხბურთელის, პაულო დიბალასა და ხუან ფოიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სჭირდება, იქამდე ვიდრე, 26-კაციან განაცხადს დააკომპლექტებს.

არგენტინის ნაკრები ყატარში გასამართ მუნდიალზე C ჯგუფში საუდის არაბეთის, მექსიკის და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ შეხვედრას სამხრეთამერიკელები საუდის არაბეთის წინააღმდეგ, 22 ნოემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები