ჯუზეპე სავოლდი – პირველი ფეხბურთელი, რომელიც მილიონად გაიყიდა

ისტორიკოსებისა და საფეხბურთო მიმომხილველების უმრავლესობა გეტყვით, რომ ტრევორ ფრენსისი პირველი ფეხბურთელია, რომელშიც მილიონზე მეტი გადაიხადეს. 1979 წელს “ნოტინგემ ფორესტს” ფრენსისის ტრანსფერი გადასახადების ჩათვლით 1.2 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ტრევორ ფრენსისი ნამდვილად არის პირველი ფეხბურთელი, რომელშიც დიდ ბრიტანეთში მილიონზე მეტი გადაიხადეს, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით შვიდ ციფრიანი ტრანსფერის ავტორი სრულიად სხვაა.

ჯუზეპე სავოლდი 1947 წლის 21 იანვარს, გორლაგოში დაიბადა. მილანთან და ბერგამოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი მხოლოდ და მხოლოდ 5000 მოსახლეს ითვლიდა. ტიპიურ ლომბარდიულ ოჯახში დაბადებული სავოლდი, თავდაპირველად კალათბურთით იყო გატაცებული, თუმცა 18 წლის ასაკში თავი ფეხბურთს დაუკავშირდა. სავოლდის პროფესიონალური დებიუტი 1965 წლის 29 აგვისტოს, იტალიის თასის ეგიდით, “ვიჩენცას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა – აღნიშნულ დაპირისპირებაში ჯუზეპე სავოლდიმ გოლის გატანა შეძლო. 1 კვირის შემდეგ, 5 სექტემბერს, სავოლდიმ ლიგის შეხვედრაში “ფიორენტინას” წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა.

სადებიუტო სეზონში სავოლდიმ მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა შეძლო (სამივე გოლი სათასო მატჩებში). 1966-67 წლების სეზონში, სავოლდის მეტი სათამაშო დრო მიეცა, თუმცა 27 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. 1967-68 წლების სეზონში, ჯუზეპე სავოლდიმ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა. იმ დროისათვის იგი უკვე ითვლებოდა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერპექტიულ შემტევად. 1968 წელს, სავოლდიმ “ატალანტა” დატოვა და “ბოლონიას” შეუერთდა.

“სტადიო კომუნალეზე” გატარებულ 6 სეზონში, ჯუზეპე სავოლდიმ “ბოლონიას” მაისური 201 შეხვედრაში მოირგო და 85 გოლი გაიტანა. 1970 და 1974 წლებში, “ბოლონია” ორჯერ გახდა იტალის თასის გამარჯვებული – სავოლდიმ კი 10 გოლით ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 1972-73 წლების სეზონში, სავოლდიმ პაოლო პულიჩისა და ლეგენდარული ჯანი რივერას პარალელურად 17 გოლი გაიტანა. მთლიანობაში, შემტევმა “ბოლონიას” მაისურით 140 გოლის გატანა შეძლო.

1974-75 წლების სეზონში, სავოლდი უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა. “ბოლონია” “ასკოლის” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი სტაჟიან ტიფოზებს კვლავ ახსოვთ. სავოლდიმ “ასკოლის” კარში გოლი გაიტანა, რომელიც ბურთის მომტანმა ბიჭუნამ კარიდან გამოაგდო – მატჩის მთავარმა ბავშვი ვერ დაინახა და გოლის ჩათვლის ნაცვლად, თამაშის გაგრძელების განკატგულება გასცა. წლების შემდეგ სავოლდიმ ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა: “იმ დროისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, “ასკოლის” კარში უკვე მქონდა 2 გოლი გატანილი, ბურთის მომტანი კი ძალიან პატარა ბავშვი იყო.”

1975 წელს, სავოლდის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. 28 წლის შემტევის სანაცვლოდ “ნაპოლიმ” 2 მილიონი ლირა (1.2 მილიონი ფუნტი) გადაიხადა და ლეგენდარული იოფან კრუიფის რეკორდი დაამხო. რამდენიმე წლით ადრე, “ბარსელონამ” “აიაქსს” კრუიფის სანაცვლოდ £922.000 გადაუხადა. ჯუზეპე სავოლდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელშიც მილიონზე მეტი გადაიხადეს.

1975-76 წლების სეზონი სავოლდისათვის ზღაპრულად დაიწყო. 28 წლის შემტევმა ნეაპოლიტანური კლუბის მაისურით სასტარტო მატჩებში 7 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლი” იტალიის თასის გამარჯვებული გახდა, სავოლდი მიხვდა, რომ არასწორ კლუბში გადავიდა.

აღნიშნული სეზონი “ნაპოლიმ” მე-5 პოზიციაზე დაასრულა და სავოლდის ყოფილ კლუბს მხოლოდ 2 ადგილით აჯობა. მომდევნო სეზონში “ნაპოლიმ” მე-9 პოზიცია დაიკავა – 1978 წელს კი ნეაპოლელები მე-6 ადგილს დასჯერდნენ. უკანასკნელ სეზონში “ნაპოლიმ” მე-7 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც სავოლდიმ კლუბი დატოვა. “ნაპოლის” მაისურით სავოლდიმ 77 გოლის გატანა შეძლო.

1979 წელს სავოლდი კვლავ “ბოლონიაში” დაბრუნდა. სავოლდიმ 11 გოლი გაიტანა და 1978-79 წლების სეზონში “ბოლონიას” მე-7 ადგილის დაკავებაში დაეხმარა. 1980 წლის მაისში მოვლენები არასახარბიელო სცენარით განვითარდა. სავოლდი აკრძალულ გარიგებებსა და ფსონების უკანონო განთავსებაში დაადანაშაულეს – სასამართლომ მას 3.5 წლით ფეხბურთთან კავშირი აუკრძალა. მოგვიანებით აპელაციის შედეგად, სასჯელი 2 წლამდე შემცირდა. სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, 34 წლის სავოლდი კვლავ “ატალანტაში” დაბრუნდა, რომელიც სერია B-ში ასპარეზობდა. სავოლდიმ მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ 405 შეხვედრაში, სავოლდიმ 168 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით იგი სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

 

ჯუზეპე სავოლდი – პირველი ფეხბურთელი, რომელიც მილიონად გაიყიდა

სტატიის ავტორი
-