Belive

კახა ჩხეტიანი: "ბირთვს შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კახა ჩხეტიანი "დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელია. თბილისურ კლუბში დაბრუნებულმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ახალი კლუბის და იმ მიზნების შესახებ ისაუბრა რომლის განხორციელებასაც მოქმედი ჩემპიონის რიგებში აპირებს. "მინდა, რომან ფიფიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. დინამოს მწვრთნელობა დიდი პატივია, იმედი მაქვს დასახულ მიზნებს განვახორციელებთ. "დინამო თბილისს" აკადემიის სახით აქვს საგრძნობლად დიდი პოტენციალი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც წარმატების მიღწევა შეგვეძლება. ამის ფუფუნება ყველა კლუბს არ აქვს, მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, თუმცა მათ არ აქვთ შესაბამისი პირობები სწორი განვითარებისთვის. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება. ვაპირებთ "დინამო 2-ს" შექმნას, სადაც აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ლეგიონერების ჩამოყვანა საკმაოდ რთული საკითხია. ხშირად ისინი უარს ამბობენ საქართველოში თამაშზე, ისეთი ფეხბურთელის პოვნა კი რთულია, რომელიც არსებულ პირობებს დათანხმდება და თან გაამართლებს. ამიტომ, როგორც ადრე ვთქვი, უნდა ვიჩქაროთ ნელა, ანუ უცხოელი ფეხბურთელები ფრთხილად შევარჩიოთ.  მინდა ჩისკოს ამ შემადგენლობის შექმნისათვის მადლობა გადავუხადო. ვეცდებით გუნდის ბირთვი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ. არსებობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება, მათ შორის როინ კვასხვაძესთან, რომელიც 5 წელია "ტორპედოში" თამაშობს და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს, სავარაუდოდ ის ქუთაისურ კლუბს დატოვებს და კარგი იქნება თუ მისი შემდეგი კლუბი "დინამო" იქნება. რაც შეეხება ოლექსანდრ აზაცკის, მას ამჟამად ტრავმა აწუხებს და ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს, ამიტომ მისი "დინამოში" ჩამოსვლის შანსი მცირეა",-თქვა კახა ჩხეტიანმა.  

სხვა სტატიები