Belive

კახა ჩხეტიანი: "დინამოს თითოეული ფეხბურთელი ძირითადი ბირთვის ნაწილია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, "დინამო თბილისის" გენერალური დირექტორი, ზაზა დოლიძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულებიც წარადგინეს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა თავკაცმა დასრულებული შეკრება შეაფასა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. "მაშინ, როცა სეზონი არ მიმდინარეობს, ცხადია გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შემდეგ შეხვედრამდე უფრო უმატებდა. სასიამოვნოა, რომ ამ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. გამოჩნდა ის ასპექტები, რომელშიც ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მახარებს ის, რომ ჩვენს გუნდში არიან როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები და ამ მხრივ, ბალანსი დაცულია. სატრანსფერო საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ და კონკრეტული პოზიციები გავაძლიერეთ. პირველი წრის განმავლობაში დავაკვირდებით გუნდის თამაშს და ცხადია, ეტაპობრივად ჩვენი სუსტი მხარეებიც გამოჩნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, სეზონის შუაში უკვე ზუსტად გვეცოდინება თუ რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება.  როცა გუნდში მოვედი, პირველი ვისაც ვესაუბრე აკაკი შულაია იყო. ვიცოდი, რომ მას გუნდიდან წასვლის სურვილი ჰქონდა. პირადად მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც მას და მის წარმომადგენლებს შევხვდით. შულაიას ვუთხარი, რომ ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვსურდა. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მოლაპარაკებები კვლავაც მიდის, თუ ის გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით, მაგრამ ჩემი აზრით მან დრო ტყუილად დაკარგა.  წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა ნიკა ნინუასაც, თუმცა როგორც ხედავთ ის კვლავ "დინამოშია", რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ჯობია ევროტურნირებს დაელოდოს და ზაფხულში გაცილებით უკეთესი პირობებით წავიდეს, ასე რომ სულ მცირე ზაფხულამდე ნინუა "დინამოში" რჩება. ის ჩვენი კაპიტანია და მას ნდობას ვუცხადებთ.  შეკრების დროს გუნდის ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა და ეს ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც "დინამოში" ირიცხება. ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება კონკრეტულ შეხვედრაში ის ითამაშებს. იგივე ეხება კონკრეტულ პოზიციებსაც. თავდამსხმელის პოზიციაზე ჩვენ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს და რომელი მათგანიც უკეთ იქნება მზად, ძირითად შემადგენლობაში ის მოხვდება. რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მე ვესაუბრე ლევანს და ვუთხარი, რომ დროა ტრავმა დაივიწყოს და მოედანზე გასვლაზე იფიქროს. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მე მისი მჯერა. 23 თებერვალს სუპერთასის მატჩი გვაქვს, რომლითაც სეზონს დავიწყებთ. ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. "საბურთალო" ძლიერი გუნდია. მათ ზამთარში ბევრი ცვლილება ჰქონდათ, როგორც უშუალოდ გუნდში, ისე სამწვრთნელო შტაბში. მათთან მატჩი გულშემატკივრისთვის საინტერესო და სანახაობრივი იქნება",-თქვა ჩხეტიანმა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ერთა ლიგის ისტორიული ნახევარფინალის შესახებაც გააკეთა: "ბელარუსთან მატჩი მთლიანად ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რომელიმე დიდებული ბრძოლა საქართველოს ისტორიიდან. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს საკადრისად აცნობიერებენ და უდიდესი წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებენ".

სხვა სტატიები