Belive

კახა ჩხეტიანი: "ქართველ ხალხს ევროპული წარმატება მოენატრა, ერის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შეხვედრამდე, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს.  მართალია, სტადიონზე ქომაგი არ დაიშვება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრის ხმას გავიგონებთ. არ აქვს მნიშვნელობა ერთი მატჩის ჩატარება გვიწევს თუ ორის, ყველა შემთხვევაში, მოედანზე მოტივირებული და მომზადებული უნდა გამოვიდეთ.  მატჩების რაოდენობა არაფერს არ ცვლის. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და კარგად უნდა გავაცნობიეროთ. შეხვედრის თითოეული წუთი მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ჩვენს მეტოქეს გუნდში ჰყავს ბრაზილიელი, არგენტინელი და ინგლისელი ფეხბურთელები, ისინი გუნდის ლიდერები არიან და შემტევ ხაზს საგრძნობლად აძლიერებენ. მატჩამდე ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიეთ, ყველა დეტალი განვიხილეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ. მართალია, ჩვენ ეროვნულ ლიგაში გამოსვლა გვიწევს, მეტოქისთვის კი სეზონი დასრულებულია, მაგრამ მათ ბოლო მატჩის შემდეგ დიდი პაუზა არ ჰქონიათ თასის ფინალი ითამაშეს, რის მერეც გუნდი 6-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათი უმეტესობა ისეთი იყო, რომელსაც აქამდე თამაში ხშირად არ უწევდათ. პირიქით, "ტირანამ" შევსება მიიღო და ვფიქრობ მათი შემადგენლობა უფრო გაძლიერდა. სასიამოვნოა, რომ მატჩების ჩატარება გვიწევს და ტონუსში ვართ. ბოლო მატჩი, რომელიც "თელავთან" ჩავატარეთ, კმაყოფილების საფუძველს არ ტოვებდა, მაგრამ არც მოედნის ხარისხი იყო აღსაფრთოვანებელი. ეს ფრე არაფერს ცვლის. მორიგი რიგითი მატჩი ჩავატარეთ და ამით არაფერი სრულდება. სამწუხაროდ ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში მოტივაცია სხვადასხვაა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და თუკი მაღალ მიზნებზე ბრძოლა გვსურს, ყველა შეხვედრას თანაბარი შემართებით უნდა მივუდგეთ", - თქვა ჩხეტიანმა. "დინამო" ალბანეთის ჩემპიონს, 19 აგვისტოს დაუხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები