Belive

კახა ჩხეტიანი: "მოედნის საფარმა ხელი შეგვიშალა, თუმცა შეუთამაშებლობის პრობლემა შესამჩნევია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, "დინამო თბილისმა" პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და მარცხი იწვნია. "სუპერთასის" შეხვედრაში "საბურთალოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა. "პირველ რიგში მინდა "საბურთალოს" გამარჯვება მივულოცო, მათ ტიტულის მოგება დაიმსახურეს.  ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, დრო კი ცოტა გვქონდა და გუნდმა შეთამაშება ვერ მოახერხა. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ეტაპობრივად, გუნდი როგორც ხარისხობრივად, ისე შედეგებით გაუმჯობესდება.  მინდა ჩვენს გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც მარცხის მიუხედავად, მთელი მატჩის განმავლობაში ერთგულად გვამხნევებდნენ. ვპირდები მათ, რომ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს.  ბევრი ახალწვეული გვყავდა, ზოგმა თავი კარგად გამოიჩინა, ზოგმა კი ჯერჯერობით საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. მატჩის შემდეგ დავსხდებით, გავაანალიზებთ შეხვედრას და გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ. პირველ რიგში, მიზეზს ჩემს თავში ვეძებ და არა ფეხბურთელებში, სეზონი ახლა იწყება და ისინი ფორმაში ნელ-ნელა შევლენ.  ხარისხიანი ფეხბურთის საჩვენებლად ხელს არც მოედნის საფარი გვიწყობდა, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაშიც ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, რადგან შეუთამაშებლობის პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, გუნდის სამი თავდამსხმელი ტრავმირებულია.  იმედი მაქვს, სიტუაცია მალე გამოსწორდება, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება", - თქვა ჩხეტიანმა.

სხვა სტატიები