Belive

კამავინგას გზა: ლტოლვილთა ბანაკიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფეხბურთი ცხოვრების იდეალური ამსახველია - ეს აღზევებითა და დაცემით, ტკივილით, შეცდომებით, უიღბლობით, გამართლებითა და გამარჯვებით სავსე სამყაროა. დიდ ფეხბურთს მხოლოდ სასათბურე პირობებში გამოყვანილი რობოტები არ თამაშობენ - საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, ედუარდო კამავინგა, სწორედ იმ პლეადის ნაწილია, რომელმაც დიდ წარმატებას სირთულეების დაძლევით მიაღწია. 19 წლის კამავინგას წინ უდიდესი მატჩი ელოდება - დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მას მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ. სავარაუდოდ, შეცვლაზე გამოვა - კარლო ანჩელოტის ხელში, კამავინგა ყოველდღიურად ვითარდება და "რეალს" უფრო და უფრო მეტად უშინაურდება. ძირითადის მოთამაშე ჯერ არაა, თუმცა მოდრიჩი-კროოსის დომინაციის ფონზე, ეს არავის უკვირს. ვერავინ იტყვის იმას, რომ კამავინგა გაცემულ ავანსს არ ამართლებს - "მანჩესტერ სიტისთან" მისი შესანიშნავი ასპარეზობა სწორედ აღნიშნულის დასტურია.

ბავშვობა

ედუარდო კამავინგა ანგოლაში არსებულ ლტოლვილთა თავშესაფარში დაიბადა. მისი მშობლები, სელესტინო და სოფია, კონგოში მიმდინარე ომს გამოექცნენ. 1 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საფრანგეთის ქალაქ ფუჟერში გადასახლდა. დედის სურვილი იყო, რომ მის შვილს ძიუდოზე ევლო, თუმცა მას შემდეგ, რაც პატარა ედუარდომ სახლში ბურთით თამაშის შედეგად, ყველაფერი დაამსხვრია, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო - კამავინგა ტატამის ნაცვლად საფეხბურთო მოედანზე, კლუბ "დრაპუ ფუჟერში" აღმოჩნდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს სამოყვარულო გუნდი მომავალში "მადრიდის რეალისგან" კომპენსაციას მიიღებდა.
“ნათელია, რომ ომიდან გამოქცევის ისტორიამ, უფრო ძლიერი გამხადა. ჩემს გვერდით ოჯახი იდგა და მოედანზე ყოფნისას, ყოველთვის მათთვის ვთამაშობ", - თქვა კამავინგამ.

ხანძარი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

2013 წელს, როდესაც კამავინგა 11 წლის იყო, იგი "რენთან" პირველი კონტრაქტის გაფორმების წინ იდგა. მოუსვენარი ემოცია, რომელიც აღტკინებისას ადამიანს უჩნდება, ცრემლებმა ჩაანაცვლა: სელესტინოსა და სოფიას მიერ ერთად აგებული სახლი მთლიანად დაიწვა. ნაცრად იქცა ოფიციალური დოკუმენტებიც, რომელმაც ოჯახს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

სწორედ ამ დროს, დადგა მომენტი, რომელმაც მისი ცხოვრება განაპირობა - სელენტინო კამავინგამ თავის შვილს ისეთი სიტყვები უთხრა, რომელსაც "რეალის" მომავალი ფეხბურთელი არასოდეს დაივიწყებს.
"ნუ გეშინია. ჩვენ ამ სახლს ისევ ავაშენებთ, შენ კი დიდი ფეხბურთელი იქნები", - მითხრა მამამ. მან უდიდესი მოტივაცია მომცა. ვიგრძენი, რომ ოჯახს ჩემი იმედი ჰქონდა. ვიცოდი, რომ მათი გაბედნიერება შემეძლო", - იხსენებს ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ნაბიჯები დიდ ფეხბურთში და ტრანსფერი მადრიდის რეალში

ახალგაზრდა ტალანტმა, რომელიც ყოველთვის მასზე უფროს ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, "რენის" აკადემიაში დაიწყო თამაში. 16 წლის ასაკში, კამავინგას მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი და ამ მაჩვენებლით, იგი კლუბის ისტორიაში შევიდა. ამავე ასაკში, მან "პარი სენ-ჟერმენთან" მოგებულ მატჩში (2:1) საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რისთვისაც L’Equipe-ისგან 8/10 შეფასება დაიმსახურა - ცნობილი ფრანგული საფეხბურთო გამოცემისგან ასეთი შეფასების მიღება იოლი მოსაპოვებელი ნამდვილად არაა.
საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდები ყოველთვის გრანდების რადარის ქვეშ ექცევიან: 2021 წლის 31 აგვისტოს, "მადრიდის რეალმა" ფრანგულ კლუბს €31 მილიონი გადაუხადა და ახალგაზრდა ტალანტი გაიფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრების საინტერესო დეტალები არც კლუბის პრეზიდენტს გამორჩენია:
"შენმა მშობლებმა - სელესტინომ და სოფიამ, ასევე შენმა ძმებმა და დებმა კარგად იციან, თუ რას ნიშნავს გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლა. შენი მშობლებისგან და ოჯახისგან ის გაქვს ნასწავლი, რაც ცხოვრებაში უდიდესი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარება", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა კამავინგას პრეზენტაციისას.
ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კამავინგა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალისთვის, ემზადება.
"მე ანგოლაში, ლტოლვილთა თავშესაფარში დავიბადე. ჩემი ოჯახი ომს გამოექცა. ჩემმა მშობლებმა საფრანგეთში ახალი ცხოვრება მაჩუქეს, ფეხბურთმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიმიყვანა. მადლიერი და ამაყი ვარ", - თქვა კამავინგამ.

სხვა სტატიები