Belive

კაპელო: რონალდოს წვეულებები გუნდში პრობლემებს ქმნიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს შეფასებით, საოცარი ნიჭის მიუხედავად, რონალდო მოედნის მიღმა გუნდს არაერთ პრობლემას უქმნიდა. რონალდო "რეალში" 2002-2007 წლებში თამაშობდა - იტალილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მან მადრიდულ გრანდში სულ რაღაც ნახევარი სეზონის განმავლობაში ითამაშა. ამის მიუხედავად, კაპელო არ მალავს, რომ საუკეთესო ფორვარდი, ვისთანაც მას უმუშავია, "ფენომენად" წოდებული ბრაზილიელია. თუმცა ამასთან ერთად, კაპელო მას ღიად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოედანს მიღმა, რონალდოს ცხოვრების სტილი პროფესიონალ ფეხბურთელს არ შეესაბამებოდა. კაპელოს თქმით, ერთხელ მასთან რუუდ ვან ნისტელროი მივიდა და უთხრა, რომ "რეალის" გასახდელში არსებული ალკოჰოლის სუნი მასზე ცუდად მოქმედებდა. "რონალდო მოედანს მიღმა დიდ პრობლემებს მიქმნიდა. წვეულება, გართობა და ალკოჰოლი სწორედ მასთან ასოცირდებოდა. მეტსაც გეტყვით - როდესაც რონალდომ დაგვტოვა, გუნდი უფრო მობილიზებული გახდა და უფრო მეტ მატჩს ვიგებდით. თუმცა აქვე დავამატებ, რომ თუკი ნიჭზე ვსაუბრობთ, მასზე უფრო კარგი ფეხბურთელი არ შემხვედრია," განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნისტელროიმ კაპელოს სიტყვები საჯაროდ უარყო: "მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე კაპელოსთან გასახდელში არსებულ ალკოჰოლის სუნზე ვისაუბრე. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, გასახდელი პროფესიონალი ფეხბურთელებით იყო სავსე," აღნიშნა ჰოლანდიელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდოს "რეალის" შემადგენლობაში 177 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 104 გოლის გატანა და 35 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ამჟამად, 43 წლის "ფენომენი" "რეალ ვალიადოლიდის" მთავარი მეწილეა (82%).

სხვა სტატიები