Belive

კაფუ : "ალექსანდერ-არნოლდს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა კაფუმ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ფეხბურთში ფლანგის მცველების როლზე ისაუბრა. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი თვლის, რომ 22 წლის მოთამაშე საფეხბურთო სამყაროს დაეხმარა იმის გაგებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისი პოზიცია მინდორზე. კაფუს მიაჩნია, რომ არნოლდს ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეეძლება, რადგან მცველების როლს ახლა უფრო აფასებენ. "ლივერპულის" ვარსკვლავს ხშირად ადარებენ სწორედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს. მისი უნივერსალურობა, კრეატიულობა, ბურთის შესანიშნავი ფლობა იურგენ კლოპის ძლევამოსილი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა. კაფუ ვარაუდობს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში მთავარ როლს სწორედ არნოლდი ითამაშებს, როგორც ეს თავად მან გააკეთა ბრაზილიის ნაკრებში. Daily Mail-თან საუბრისას კაფუმ განაცხადა:
"ვხედავ მსგავსებას, მას არ ეშინია შეტევის, დაცვაში კარგად ირჯება, ბურთს კარგად ანაწილებს. მშვენივრად ასრულებს საჯარიმოებს. ის შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავი იქნება". "მას შეუძლია მარჯვენა მცველის პოზიცია ახალ დონეზე აიყვანოს, ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიწყეთ იმ თვალსაზრისის შეცვლა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მცველების მიმართ". "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მხოლოდ ბომბარდირი არ უნდა იყოს. აბსოლუტურად არასწორია, რომ რამდენიმე დიდებულმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მხოლოდ მათი სათამაშო პოზიციის გამო ვერ მოიგო. ამჟამად ფეხბურთში მცველები უნდა განვიხილოთ, როგორც მთავარი მოქმედი პირები".
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ფაბიო კანავარო ამ საუკუნეში ერთადერთი მცველია, რომელმაც 2006 წელს ოქროს ბურთი მოიგო.
" მარჯვენა მცველები ყველა გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები უნდა იყვნენ. შემტევებმა უბრალოდ გოლები უნდა გაიტანონ, ნახევარმცველებმა ცენტრი გააკონტროლონ და შემტევები მოამარაგონ, მეკარეებმა ბურთები უნდა აიღაონ, ხოლო ფლანგის მცველებმა მთელი ფლანგი უნდა აკონტროლონ, დააზღვიონ ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები, უნდა ჩაერთონ შეტევებში და ბურთი ჩააწოდონ, დაარტყან კარის მიმართულებით და უზრუნველყონ შეტევასთან კავშირი".
კაფუს აზრით, რომელიც აღფრთოვანებულია არნოლდის თამაშით, ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშე მომავალში უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უდავოდ გამორჩეულია საკუთარ პოზიციაზე და ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს, ასე რომ, არ არის გამორიცხული, არნოლდი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ფეხბურთის ისტორიაში.    

სხვა სტატიები