Belive

კარაგერი - "კლოპმა ფერგიუსონი შეაშფოთა"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
არაერთი საფეხბურთო მიმომხილველისა და გულშემატკივრის აზრით, იურგენ კლოპი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია. ქარიზმატული გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო მოღვაწეობა "მაინცში" დაიწყო, რის შემდეგაც, კლოპი "დორტმუნდთან" ერთად ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. გერმანიაში წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად, კლოპმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი "ენფილდზე" მოიპოვა. 2015 წლის ოქტომბერში დაწყებული ეპოქა დღემდე წარმატებით გრძელდება. შონ დაიჩის "ბარნლის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, კლოპი გახდა მენეჯერი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია პრემიერ ლიგის გუნდს უდგას სათავეში და რომელსაც "ლივერპულთან" ერთად ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. ინგლისის ლიგის თასის მოგების შემდეგ, "ლივერპული" ასოციაციის თასის ფინალშია და პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში, "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ცალკე აღნიშვნის ღირსია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა, სადაც მერსისაიდული გრანდი 1/2-ფინალურ ეტაპზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. "ყვითელი წყალქვეშა ნავისა" და მისი გულშემატკივრების პატივისცემის მიუხედავად, წყვილში უპირობო ფავორიტის სტატუსით "ლივერპული" სარგებლობს, რომელსაც სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს. კლოპის პირად აქტივში "ლივერპულთან" ერთად უკვე არის ჩემპიონთა ლიგის, სუპერ თასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და ლიგის თასის ტიტულები, თუმცა ყველაზე დიდი მიღწევა პრემიერ ლიგას უკავშირდება. 30-წლიანი მოლოდინი და უტიტულო ასპარეზობა იურგენ კლოპმა დაასრულა და "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტული მოუპოვა. სათამაშო სტილი, რომლითაც "ლივერპული" ასპარეზობს ნებისმიერ მაყურებელს, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის ლეგენდასაც კი აღაფრთოვანებს. მერსისაიდული გრანდის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა - ჯეიმი კარაგერმა, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვები გაიხსენა, რომელიც კლოპის "ლივერპულში" მისვლის გამო წუხდა.
"ოლდ ტრაფორდზე, მაიკლ კერიკის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩში ვიღებდი მონაწილეობას. გასახდელში სერ ალექს ფერგიუსონი შემოვიდა, თითოეულ ჩვენგანს ხელი ჩამოგვართვა და მადლობა გადაგვიხადა. იურგენ კლოპი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1 თვის დანიშნული იყო, როდესაც ფერგიუსონმა მითხრა: "ლივერპულში" უდიდესი მენეჯერი მოვიდა - შეშფოთებული ვარ. იმ დროისათვის "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულზე" ძლიერი გუნდი იყო, თუმცა ფერგიუსონმა იცოდა, რომ კლოპი სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა". "შეგვიძლია ვისაუბროთ დიდ მენეჯერებზე, მათ ტაქტიკაზე და ფორმაციაზე. გამორჩეულ მენეჯერებს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური ძალა და უნარები და ეს არის ის, რაც აქვს იურგენ კლოპს და ეს არის ის, რაც ჰქონდა სერ ალექს ფერგიუსონს". "ვფიქრობ "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ, ის ისევე ემახსოვრებათ, როგორც ლეგენდარული ბილ შენკლი. ხალხი უკვე წუხს და საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მოხდება 2 წლის შემდეგ. ფანებს არ სურთ, რომ 2 წლის შემდეგ, კლოპმა გუნდი დატოვოს. ეს არის ეფექტი, რომელიც მან ამ კლუბზე მოახდინა. ყოველთვის ვფიქრობდი და არ მახსენდებოდა შემთხვევა, რომ "ლივერპულში" გვყოლოდა ისეთი საკულტო მენეჯერი, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონი იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", როგორიც მოურინიო იყო "ჩელსისთვის", ან არსენ ვენგერი "არსენალისთვის" - სწორედ ეს დანაკლისი შეგვივსო კლოპმა, სწორედ ასეთი მენეჯერია კლოპი". 
   

სხვა სტატიები