Belive

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: "მინდა, საქართველო უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდეს, კანკავასთან თამაში გამოცდილებაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრამდე, ესტონეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვულაიდმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "რა თქმა უნდა, ჩემი დავალება პირველ რიგში არის ის, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები აღვზარდო, თუმცა მიზანი ხვალინდელ შეხვედრაშიც გამარჯვება იქნება. მე ვნახე ვიდეო, თუ როგორი იმედით და ემოციით მოაცილებდნენ ქართველი ქომაგები საქართველოს ნაკრების ავტობუსს სტადიონთან ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე. მესმის, რომ ეს თქვენთვის უნიკალური შანსი იყო და ის სამწუხაროდ ვერ გამოიყენეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიყავით და ჩვენც ასეთი შანსი დავკარგეთ, თუმცა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და დარწმუნებული ვარ, ხვალ ორივე გუნდი მოედანზე იმისთვის გავა, რომ თავისი გულშემატკივარი გაახაროს. ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია და რაიმეს პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამის მაგალითი საქართველოსა და სომხეთის მატჩი იყო. საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ჩაკვეტაძეს და თორნიკე ოქრიაშვილს გამოვარჩევდი, რომელთაც ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. 43 წლის ვარ და 23 წელია, რაც მწვრთნელად ვმუშაობ. ჩემს კარიერაში, ესტონეთის ახალგაზრდული თუ მთავარი ნაკრები არაერთ დიდ ფეხბურთელს თუ გუნდს დაუპირისპირდა. ასეთი შემთხვევა იყო წელს, როცა ჩვენი ახალგაზრდები გორან პანდევს დაუპირისპირდნენ. მინდა, რომ ხვალ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენონ, რათა ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავას წინააღმდეგ თამაშით გამოცდილება მიიღონ.  ფეხბურთელები უკვე შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე უმაყურებლოდ თამაში უწევთ. პროფესიონალებმა ეს წნეხიც უნდა დაძლიონ, ასევე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა სატურნირო მოტივაცია ამ შეხვედრას, როცა ნაკრების მაისურს იცვამ, შენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის უნდა ითამაშო", - თქვა ესტონელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები