Belive

კარის ხაზის ტექნოლოგიის კომპანიამ შეფილდს მოუბოდიშა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კომპანია Hawk-Eye-მ, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კარის ხაზის ტენქოლოგიით უზრუნველყოფს, "შეიფლდ იუნაიტედს" "ასტონ ვილასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიში მოუხადა. მატჩის 42-ე წუთზე, ოლივერ ნორვუდის მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბირმინგემელების მეკარე ორიან ნაილენდი კარში ბურთიანად აღმოჩნდა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა კი თამაშის წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა. რეფერის გადაწყვეტილებაზე მეტად გასაკვირი ის იყო, რომ კარის ხაზის ტექნოლოგია, რომელსაც ყველა საკამათო ეპიზოდისას იყენებენ, პრემიერლიგის მაყურბელმა ეკრანზე ვერ იხილა. კომპანიის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ისინი 9 000-ზე მეტ შეხვედრას მოემსახურნენ და ეს მათი პირველი ინციდენტია. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, შვიდივე კამერა, რომელსაც ბურთის ტრაექტორია და კარის ხაზის გადაკვეთის წერტილი უნდა დაეფიქსირებინა, "ვილას" მეკარემ და მცველებმა დაფარეს. მომხდარის გამო, კომპანია "შეფილდ იუნაიტედს" ბოდიშს უხდის. გადაწყვეტილება გააპროტესტა "შეფილდის" მთავარმა მწვრთნელმა კრის ვაილდერმაც: "მსოფლიოში ყველაზე ტექნიკურ ლიგაში შვიდი კამერიდან ერთმაც კი ვერ დააფიქსირა გოლი. ეს ყოვლად მიუღებელი გადაწყვეტილებაა, ასეთი რამ არ მინახავს. წინა წელს "ტოტენჰემთან" მატჩისას ჯონ ლუნდსტრამი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას 10 წუთის განმავლობაში ველოდით, ბირმინგემში დრო სხვაგვარად გადის? აქ იგივეს გაკეთება არ შეიძლებოდა?" შეხვედრის უგოლოდ დასრულების შემდეგ, გუნდებმა ქულები გაიყვეს, რის მერეც "შეფილდი" 44 ქულით მეექვსე, ხოლო "ასტონ ვილა" 26-ით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები