Belive

კასილასმა რონალდუ მესიზე მაღლა დააყენა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
დებატები იმის თაობაზე, რონალდუ ჯობია თუ მესი, ერთმნიშვნელოვანი პასუხით ვერასდროს დასრულდება. ყოველ სუპერვარსკვლავს თაყვანისმცემლების საკუთარი არმია ჰყავს. ორ მოთამაშეს შორის არსებული უამრავი განსხვავება კი იმას ნიშნავს, რომ უპირობო გამარჯვებულის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა რონალდუ მესიზე წინ დავაყენოთ საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატების გამო? ან იქნებ რეკორდული საგოლე გადაცემების გამო მესი დავაყენოთ რონალდუზე წინ? თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელებიც პირდაპირ ასახელებენ საკუთარ ფავორიტს ამ ორს შორის. ერთ-ერთი ბოლო, ვინც მათ შორის არჩევანი გააკეთა, "მადრიდის რეალის" ლეგენდა იკერ კასილასია. გასაკვირი არაა, რომ ესპანელმა თავისი ყოფილი თანაგუნდელის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. 39 წლის კასილასი თვლის, რომ პორტუგალიელის მიერ მიღწეული წარმატება უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე არგენტინელის, იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი შრომა სჭირდებოდა, რომ საუკეთესო გამხდარიყო. "კრიშტიანუს ბავშვობიდან ჰქონდა უდიდესი სურვილი, გამხდარიყო საუკეთესო. და მე ვთვლი, რომ მან ამას მიაღწია",- განუცხადა კასილასმა ESPN-ს. "თუ მე ის მესის უნდა შევადარო, რაც კრიშტიანუმ გააკეთა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა საოცარი ნიჭის პატრონია ლეო მესი, ხოლო კრიშტიანუ მტკიცე ხასიათით გამოირჩევა და თავდაუზოგავად შრომობდა, რომ საუკეთესო გამხდარიყო",- აღნიშნავს კასილასი. "ვთვლი, რომ გაგვიმართლა და შევძელით ორი ფენომენალური მოთამაშის ფეხბურთით დავმტკბარიყავით",- ამბობს ლეგენდარული მეკარე. ესპანელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რონალდუს არ იცნობ, ის შეიძლება ქედმაღალი და არცთუ სასიამოვნო ადამიანად მოგეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. კასილასი სამართლიანად აღნიშნავს კრიშტიანუს მიზანდასახულობასა და თავდაუზოგავ შრომას წარმატების მისაღწევად, მისი თქმით, იშვიათად თუ მოიძებნება ფეხბურთელი ვინც პორტუგალიელის მსგავსად იყოს მონდომებული, რომ მწვერვალს მიაღწიოს. თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ლეო მესიზეც, ხშირად მისი ნიჭიერების გამო მისი შრომა წარმატების მიღწევის გზაზე უკანა პლანზე გადადის, მაგრამ რომ არა მესის მიზანდასახულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, ის ნამდვილად ვერ იქნებოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მესის და რონალდუს მიღწევები, მათ მიერ დამყარებული რეკორდები, ერთად ჯამში 11 ოქროს ბურთი ნამდვილად გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ  ამ ორმა ეპოქა შექმნა -  მესისა და რონალდუს ეპოქა, ან რონალდუსა და მესის.      

სხვა სტატიები