Belive

კატარიდან იტალიაში: სერია A-ში ნახევრად-ავტომატური თამაშგარეს სისტემა დაინერგება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 19 დეკემბერს ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ინოვაცია დააანონსა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ სერია A-ში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოყენებული ახალი ტექნოლოგია დაინერგება, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას გააადვილებს. ნახევრად-ავტომატური სისტემა თავდაპირველად ჩემპიონატის განახლებისთანავე, 4 იანვარს უნდა დანერგილიყო, მაგრამ ის ძალაში 27 იანვრიდან, ანუ მე-20 ტურის შეხვედრებიდან შევა და სერია A-ს მეორე ნახევარზე იფუნქციონირებს.

ოპტიკური თვალთვალის სისტემა უფრო სწრაფად და და ზუსტად აფიქსირებს მოთამაშეებისა და ბურთის გადაადგილებას და გაცილებით მარტივი და დროის დამზოგველია იმის გარკვევა, კონკრეტულ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაფიქსირდეს თუ არა.

პირველად, აღნიშნული სისტემა 2022 წლის თებერვალში, აბუ დაბიში გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, შემდეგ არაბთა თასზე გამოსცადეს, რამდენიმე დღის წინ დასრულებულ კატარის მუნდიალზე კი იგი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარმა იხილა.

იტალიის სერია A 4 იანვარს განახლდება. ქართველი ფეხბურთელების კალენდარი მე-16 ტურში ასეთია:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მილანის "ინტერს" სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები