Belive

ხარაიშვილმა აიაქსის ინტერესზე ისაუბრა!

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გუშინ შვედეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" "ელფსბორგს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის გუნდი 86-ე წუთამდე მარცხდებოდა, მატჩის მიწურულს გუნდს მხსნელად სწორედ გიორგი მოევლინა, რომელმაც თეთრმეტმეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული გოლად აქცია. Live.ge-მ მატჩის შემდგომ გიორგის ჩაწერა მოახერხა და გთავაზობთ მის ინტერვიუს. - პირველ რიგში გილოცავ დღეს გატანილ გოლს "ელფსბორგის" წინააღმდეგ. კარგია უკვე მეექვსე გოლი, რთული მატჩი აღმოჩნდა? გამარჯობა, მადლობა მოლოცვისთვის. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, იღბალმა გვიმტყუნა და 25 წუთში ორი გოლი გავუშვით. -  რა მოლოდინები გაქვთ ამ სეზონში? მოლოდინიც და იმედიც ყველას ერთი გვაქვს. ვცდილობთ, გულშემატკივარს აღარ მივცეთ იმედგაცრუების მიზეზი. ისინი ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ჩვენს წარუმატებელ სერიებს. - დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, რომ აიაქსი თქვენით დაინტერესდა. რას იტყოდით ამ ინფორმაციაზე? ამ თემაზე არაფერი ვიცი და მეც მხოლოდ პრესისგან შევიტყე. - რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე? რეალურად, სატრანსფერო ფანჯრამდე, გიოტებორგს ჯერ კიდევ 9 თამაში დარჩა სათამაშებელი და ცხადია, რომ ჯერჯერობით მეც მხოლოდ ამ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. თუ შემოთავაზება უკეთესი ლიგიდან მექნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად განვიხილავ, თუმცა, ამ ეტაპზე თავს აქაც კარგად ვგრძნობ. - როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს (ერთა ლიგაზე)? საქართველოს ნაკრები წარმატების გზაზე დგას და ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ქვეყანაში ძალიან ბევრი ტალანტი გვყავს, რომელთაც მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგად იყენებს. - დიდი ხანი არ არის რაც შვედეთში თამაშობთ და გვაინტერესებს განსხვავება შვედეთსა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის? რა განსხვავებაა და როგორ გრძნობთ თავს შვედეთში? განსხვავება ძალიან დიდია, შვედეთში საქართველოსგან განსხვავებულ თამაშის სტილს ანიჭებენ უპირატესობას. აქ ძირითადად პრესინგსა და კონტრშეტევებს ექცევა ყურადღება. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ინტენსიური ბრძოლა ბურთისთვის ფიზ. მომზადებას გვიუმჯობესებს და განვითარებაში გვეხმარება. - და ბოლოს, რომელი ჩემპიონატის და გუნდის გულშემატკივარი ხართ, გყავთ თუ არა კუმირი დიდი ფეხბურთელებიდან? ძალიან ბევრი ჩემპიონატი მომწონს, თუმცა, მე ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივარი ვარ. "ჩელსიდან" ჩემი კუმირი ფრენკ ლამპარდია, მაგრამ ზოგადად, ბრაზილიელი რონალდო.

სხვა სტატიები