ხავიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ხავიმ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, ირანში, ერთმანეთს “პერსეპოლისი” და “ალ სადი” დაუპირისპირდნენ. სტუმართა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში იყო ხავი ერნანდესი, რომლისთვისაც ეს მატჩი საფეხბურთო კარიერაში ბოლო გახლდათ. დღეიდან, ესპანელი ყატარული კლუბის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ხავის საფეხბურთო კარიერა “ლა მასიაში” 1991 წელს დაიწყო. მაშინ ის მხოლოდ 11 წლის იყო. “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი კი 1998 წელს ჰქონდა.

2015 წლამდე, ხავიმ “ბარსელონაში” 767 მატჩი ჩაატარა, 85 ბურთი გაიტანა და გუნდთან ერთად 25 ტიტული მოიგო.

ლა ლიგა: 8
ესპანეთის სამეფო თასი: 3
ესპანეთის სუპერ თასი: 6
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 4
UEFA-ს სუპერ თასი: 2
FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2

ხავი UEFA-ს წლის სიმბოლურ გუნდში 5-ჯერ, FIFPro-ს საუკეთესო თერთმეტეულში კი 6-ჯერ მოხვდა.

2010 და 2011 წლებში, ის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატიც იყო. “ბარსელონურ” კარიერაზე არანაკლებ წარმატებული ხავის სანაკრებო კარიერა იყო. 2000 წლიდან 2014 წლამდე ის ესპანეთის გამორჩეულად ძლიერი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2015-19 წლებში, ხავი “ალ სადის” ღირსებას იცავდა.

ხავიმ “ბარსელონას” სათავეში ჩადგომის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა, თუმცა, ის ფიქრობს, რომ ასეთი პასუხისმგებლობისთვის ჯერ მზად არ არის და როგორც მწვრთნელს, საწყისი გამოცდილების მიღება აზიაში ურჩევნია.

(67)

ხავიმ კარიერა ოფიციალურად დაასრულა

სტატიის ავტორი
-