Belive

ხორვატი მხატვარი დღეს 33 წლის გახდა - ლუკა მოდრიჩის რთული ცხოვრების ისტორია

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
რამდენად არის ფეხბურთი ხელოვნება, ეს საკამათო საკითხია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა სათამაშო სტილი მეტია ვიდრე სპორტი და მათ მიერ მოედანზე ნამოქმედარი ხელოვნებამდე ადის - დღეს 32 წლის ხორვატი მხატვრის, ლუკა მოდრიჩის დაბადების დღეა. სანამ ხელოვნებაზე გადავიდოდეთ, მანამდე ბევრი რამ გვაქვს მოსაყოლი. UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 4 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და უამრავი სხვა დამსახურებისა თუ მიღწევის მქონე მოდრიჩი დღეს კარიერის მწვერვალზეა - თუმცა გასული 32 წელიწადი მისთვის ყოველთვის ასეთი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა და საფეხბურთო მხატვრობამდე მან ძალიან რთული გზა გაიარა.
6 წლის იყო, როდესაც ხორვატიაში ომი დაიწყო და ოჯახთან ერთად გადასახლება მოუწია - უშუქობა, უწყლობა და ტყვიების, ბომბების ცვენა მისი ბავშვობის მთავარი ნაწილი იყო. "წლების განმავლობაში თავშესაფარში ვცხოვრობდით და ფინანსურად ძალიან გვიჭირდა. მინდა რომ ეს ამბები საერთოდ არ მახსოვდეს", - ამბობს მოდრიჩი. ომი და გაჭირვება ერთადერთი წინაღობა არ ყოფილა მის ცხოვრებაში - 10 წლის იყო, როდესაც "ჰაიდუკში" მისი საფეხბურთო პოტენციალი ვერ დაინახეს და ამის მიზეზად მოდრიჩის სისუსტე დასახელდა. მოგვიანებით, მომავალ სუპერვარსკვლავს ხორვატიული საფეხბურთო გუნდის, "ზადარის" ახალგაზრდულ აკადემიაში მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. შემდეგ იყო უწყვეტი ვარჯიში, ზაგრების "დინამო" და დიდი ტრამპლინი - 2008 წელს "ტოტენჰემში" ტრანსფერი.   მოდრიჩის სიმაღლე სულ 1.72 მეტრს შეადგენს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, როდესაც მისი ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელს მოულოდნელად ჯონ ობი მიკელთან, აბუ დიაბისთან და სხვა გოლიათებთან მოუწია მოედნის ცენტრისთვის ბრძოლა. ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი აღნიშნავდა, რომ მოდრიჩი პრემიერლიგისთვის საჭირო ფიზიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.  
 
ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში მესმოდა, რომ ვერ შევძლებდი. ამას იმიტომ კი არ მეუბნებოდნენ, რომ რაღაც არ გამომდიოდა, არამედ იმიტომ, რომ ტანმორჩილი და სუსტი ვიყავი. არსებობს მსგავსება ჩემსა და ხორვატ ხალხს შორის - წარსულმა გამოცდილებამ ჩვენ უფრო მეტად გაგვაძლიერა და ჩვენი გატეხვა ძალიან რთულია. შესაბამისად, როდესაც გავიგე რომ პრემიერლიგისთვის მეტისმეტად სუსტად მიმიჩნიეს, ამან დამატებითი მოტივაცია შემძინა - უნდა დამემტკიცებინა, რომ ისინი ცდებოდნენ", - ამბობს მოდრიჩი.
  სწრაფი, კრეატიული, ძლიერი - ეს მოდრიჩის მახასიათებლებია. წარმოუდგენლად დიდი შრომის შედეგად, მოდრიჩი მასზე ტანით გაცილებით მოზრდილ მოთამაშეს ტოლსწორ ფიზიკურ ორთაბრძოლას უმართავს და დავითის და გოლიათის ისტორიის მსგავსად, ლუკა გონივრული მოქმედებით იმარჯვებს.   რომელი ხორვატი მხატვარი გახსენდებათ? ვლაჰო ბუკოვაცი? ბლადიმირ ბეკიჩი? ან იქნებ არცერთი და პირდაპირ ლუკა მოდრიჩს დაასახელებთ? - ბურთის ფლობა, ართმევა და განაწილება, მოედნის ხედვა, დაცვიდან შეტევაში გადასვლა, სწრაფი აჩქარება და უშეცდომო დრიბლინგი, არცერთი ზედმეტი მოძრაობა, უშრეტი ენერგია და დამატებითი ტაიმების ჩათვლით ბრძოლის უნარი - ეს ყველაფერი ხორვატი მხატვრის ნიჭის, შესაძლებლობებისა და თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგია.   ლუკა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი იყო - ხშირია შემთხვევები, როდესაც თავდამსხმელების საოცარი შედეგიანობა ნახევარმცველის უდიდეს შრომას გადაწონის. თუმცა მადრიდის „რეალთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ხორვატიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანა მოდრიჩს დაუფასდა და შედეგად, ხორვატი ნახევარმცველი ყოფილ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე მაღლა დააყენეს.   ასეთია 33 წლის მოდრიჩის ცხოვრებისეული მონაგარი - ომი, გაჭირვება, ფიზიკური სისუსტე, გენიალური ნიჭი, უდიდესი შრომა და პროგრესი, სახელწოდებით „ზაგრები-ლონდონი-მადრიდი.“   ... და იქნებ ოქროს ბურთიც?

სხვა სტატიები