Belive

ხუთი ფაქტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგვრჩა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ბევრი ლამაზი ბურთი გავიდა და რამდენიმე რეკორდიც დამყარდა. წარმოგიდგენთ გამორჩეულ მომენტებს, რომლებიც გამოგრჩათ. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა ერთ შეხვედრაში ორი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა. "ცრვენა ზვეზდას" მან სამი ბურთი გაუტანა. ერთ შეხვედრაში ორი ჯარიმა 2009 წლის შემდეგ არავის გაუტანია. 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ორი საჯარიმო დარტყმა "ციურიხის" წინააღმდეგ გამოიყენა. გარდა ამისა, ნეიმარი კაკასთან ერთად ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი ფეხბურთელია. მას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 30 ბურთი აქვს გატანილი.

  "უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. ლონდონელთა ფრანგი მეკარე, უგო ლორისი ტრავმის შემდეგ სწორედ ამ თამაშში დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას. ლორისის არასტაბილურმა თამაშმა სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია. "ტოტენჰემის" გულშემატკივრებმა გუნდის მეკარე გააკრიტიკეს.   "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა "ტოტენჰემს" ულამაზესი ბურთი გაუტანა. ხორვატმა ფეხბურთელმა ანგარიში 0-2 გახადა. მის მიერ გატანილი ბურთი "ბარსასთვის" ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მე-600 იყო. რაკიტიჩის გოლით აღფრთოვანდნენ ესპანელი კომენტატორები, რომლებიც "უემბლიზე" შეხვედრას ესწრებოდნენ.
    ლიონელ მესის ინგლისურ კლუბებთან თამაში უყვარს. არგენტინელ ფეხბურთელს "პრემიერლიგის" კლუბების წინააღმდეგ 28 თამაში აქვს ჩატარებული. 22 ბურთი გატანილი და 6 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული. მესიმ "ტოტენჰემს" დუბლი შეუსრულა.
  უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 8000-ზე მეტი ბურთია გასული. მე-8000 გოლი კი სწორედ ამ ტურში გავიდა. დიდი აჟიოტაჟი და გაურკვევლობა გამოიწვია საიუბილეო გოლის ავტორმა. ბევრი მიიჩნევს, რომ ისტორიული ბურთი ლამელას ანგარიშზეა, თუმცა თავად ჩემპიონთა ლიგის გვერდი მე-8000 გოლის ავტორად გრიზმანს მიიჩნევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება განხილვის თემა.    

სხვა სტატიები