Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ასეთ რეჟიმს შეჩვეული არ ვართ, მაგრამ მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად, ფრე - 1:1 ითამაშა. "ჯვაროსნების" მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 20 წლის ქართველს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური სანაკრებო ვებ-გვერდი ციტირებს.
"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან", - თქვა ყაზანის "რუბინის" შემტევმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები