Belive

ხვიჩა კვარაცხელია - რევოლუციის კაცი!

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

საქართველოს ნაკრების ლიდერმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, 6 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 227 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. იტალიელი და ქართველი გულშემატკივრები სერია A-ში კვარაცხელიას დებიუტს მოუთმენლად ელიან. 15 აგვისტოს, თბილისის დროით, 20:30 საათზე, "ვერონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება, რომელშიც კვარაცხელიას დებიუტს ვიხილავთ.

გულშემატკივრების პარალელურად, კვარაცხელიასადმი ინტერესი იტალიურ მედიაშიც საკმაოდ დიდია. thegegenpress.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას "რევოლუციის კაცად" მოიხსენიებს.
"რევოლუციის კაცი! - სწორედ ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ ხვიჩა კვარაცხელია. 2000 წელს, საქართველოში დაბადებული ვარსკვლავი, რომელიც "ნაპოლიში" ყოფილი კაპიტნის - ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოვიდა. ინსინიესი, რომელსაც ნეაპოლელი გულშემატკივრები აღმერთებენ. თბილისში დაბადებული კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერა "დინამო თბილისში" დაიწყო, თუმცა, ევროპული კლუბების ინტერესი "რუბინში" ასპარეზობის შემდეგ დაიმსახურა. ევროპული კლუბების სკაუტებმა კვარაცხელიას თვალი დაადგეს. რუსეთში გადასვლა ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა. თავდაპირველად, კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერად მოგვევლინა. კვარაცხელიამ "ჯვაროსნების" მაისურით 7 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ესპანეთის კარში გატანილი გოლი - "ფურია როხა" კვარაცხელიას ყველაზე სახელოვანი მსხვერპლი აღმოჩნდა".

kvara1-1024x683

როგორი მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია?
"ნეაპოლელთა ახალწვეული აგრესიული ვინგერია, რომელსაც ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. დრიბლინგი მისი მთავარი ღირსებაა. კვარაცხელია ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და გოლის ბრწყინვალე ალღო აქვს. მაგალითად, გასაოცარი გათამაშება ოსიმენთან, რომელიც ქართველმა ულამაზესი გოლით დააგვირგვინა. "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში, კვარაცხელიამ აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი იმისა, რომ იყოს ბრწყინვალე ფინიშერი და გასაოცარი შემტევი პლეიმეიკერი. მარცხენა ვინგერის პოზიციაზე, კვარაცხელია შესანიშნავად გაისარჯა. გასულ სეზონში, "რუბინში" ჩატარებული მატჩებით კვარაცხელიამ გვაჩვენა, რომ მას უყვარს ვინგერის პოზიციაზე თამაში - ის დრიბლინგსა და დარტყმაზეა კონცენტრირებული. კვარაცხელიამ, პირველი საგოლე პასი "ადანასპორის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიფორმა. ამ საგოლე გადაცემამ "ნაპოლის" უკანასკნელი 10 წლის ისტორია ნათლად დაგვანახა. საჯარიმოს გარედან შორეულ ძელთან დაკიდებული ბურთი - სწორედ ესაა "ნაპოლის" ხელწერა".
"დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ის არის იმ სტილის მოთამაშე, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ასე უყვართ. მას აქვს ყველაფერი - გასაოცარი დრიბლინგი და 1-1-ზე მეტოქის მოტყუების წყურვილი, რათა საკუთარი გუნდისათვის უპირატესობა შექმნას.  ეჭვგარეშეა, რომ კვარაცხელიას არსენალში ბევრ ისეთ თვისებას ვიპოვით, რომელიც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს. ამ ფაქტის მიუხედავად, კონრეტულ ასპექტებში მას კვლავ სჭირდება განვითარება. ესთეტიური თვალსაზრისით, ზიზის დრიბლინგი, საოცარი სანახავია. ელეგანტური და მძლავრი. ეს არის ნიუანსი, რომელმაც კვარაცხელია, შესაძლოა ევროპულ სცენაზე მომავალი ათწლეულის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად აქციოს. სწორედ ეს არის ის, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ მიუღია მონაწილეობა, "ნაპოლის" ფანებმა შეიყვარეს.  ბურთის კონტროლი მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა. ვიდეორგოლებში ნათლად ჩანს, რომ კვარას ურთულეს ვითარებაშიც კი შეუძლია ბურთის შენარჩუნება". 


ლიმიტები და კვარაცხელიას შესაძლო ტაქტიკური როლი
"ზოგიერთ თამაშზე დაკვირვების შემდეგ მჯერა, რომ კომპონენტი, რომელშიც საჩემპიონო გზაზე კვარაცხელიამ უნდა მოუმატოს გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. ეს არის კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს სხვაობას კარგ მოთამაშესა და ვარსკვლავს შორის. კვარაცხელია მის დრიბლინგს ზედმეტად ენდობა და რიგ შემთხვევაში, მოედნის საგანგაშო და კრიტიკულ მონაკვეთში საკმაოდ რისკავს. ეს არის ნიუანსი, რომელიც ამ დონეზე თამაშის დროს, გუნდს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.  მთელი ყურადღების დრიბლინგზე არ გადატანის შემთხვევაში, კვარაცხელია კიდევ უფრო კარგი გახდება და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ეს განსაზღვრავს მის ძირითად ღირებულებებს და აქცევს კვარაცხელიას თანამედროვე ვინგერად, რომელსაც ბურთზე კონტროლი უყვარს.  აქვე ისმის მთავარი კითხვა: ამ თვისებების მქონდე ვინგერმა, როგორ უნდა ჩაანაცვლოს ისეთი განსხვავებული მოთამაშე, როგორიცაა ინსინიე? ამ კითხვის პასუხი "ნაპოლის" ახალი პროექტის ცენტრში მყოფ - ვიქტორ ოსიმენს უკავშირდება.  ნეაპოლელთათვის ეს ზაფხული განსაკუთრებული გამოდგა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არის რევოლუცია აურელიო დე ლაურენტისის ერაში. "ნაპოლი" თავის საწყისსა და ესპანურ სათამაშო სტილს თანდათან შორდება - გუნდი ახალ ტაქტიკაზე ეწყობა. სპალეტის მეთაურობით, გუნდი შედარებით ვერტიკალური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. ბურთის ჩაწოდება და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ინტენსიური თამაში - ეს სპალეტის ახალი გუნდის სახეა. იტალიელ სპეციალისტს გუნდში ნაკლებად ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებს და არსებული რესურსით იდეალურად უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას. ამ ფორმაციას ჯაკომო რასპადორი აკლია - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის "საპნის ოპერა", რომლის ხილვაც სპალეტის ნეაპოლში სურს.  ქართველს პირველივე სეზონში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, სადაც მისი განსაკუთრებული უნარები - დრიბლინგი, ბურთის კონტროლი და მომენტების შექმნა, შესაძლოა "ნაპოლის" უმთავრეს იარაღად იქცეს. ნეაპოლიტანური კლუბის შეტევის იდეალური ფუნქციონირებისათვის კვარაცხელიას დიდი შრომა მოუწევს. ცალკე აღნიშვნის ღირსია პენალტების შესრულება. ამხანაგური მატჩების დროს, ქართველი იყო ერთ-ერთი, რომელიც თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მიდიოდა. კვარაცხელიამ პენალტების შესრულების დროს ცივსისხლიანობა გამოავლინა და მზადაა გახდეს ძირითადი დამრტყმელი, რომელიც ოსიმენს კონკურენციას გაუწევს". 


იმ ფონზე, რომ "ნაპოლი" გუნდის ლიდერებმა და გამორჩეულმა წევრებმა დატოვეს, კვარაცხელიას გუნდში დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ. ახლა კვარაცხელიას დროა, რომელმაც ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს. მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი დადგა!

სხვა სტატიები