კლასიკო კლასიკოს აღარ ჰგავს | მატჩის პრევიუ

გულწრფელად გვითხარით, ბოლოს როდის მოგეწონათ ესპანური ფეხბურთის მთავარი მშვენების, “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება?

დღეს, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “მადრიდის რეალი” “ბარსელონას” საუდის არაბეთში დაუპირისპირდება – მოტივი რომ ფინანსური სარგებელია, ყველასთვის ნათელია და ესპანეთში ამ ფაქტით უკმაყოფილებას უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ, მაგრამ ფაქტი უცვლელად რჩება.

დიახ, ვინც ეს ინფორმაცია ახლა შეიტყვეთ, განგიმარტავთ: ესპანეთის სუპერ თასი საუდის არაბეთში უკვე მეორედ იმართება. ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის კონტრაქტი 2029 წლამდეა გაფორმებული და პირველად ისტორიაში, “ელ კლასიკო” ესპანეთის გარეთ გაიმართება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თამაში მთელ მსოფლიოში დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ…

როდის ვნახეთ ბოლოს კარგი “ელ კლასიკო?”

აღარც ალვეში დასდევს ფეხდაფეხ რონალდუს, აღარც მესი იღებს რამოსგან დარტყმებს, “რეალის” გულშემატკივრები ხავი-ინიესტას პასების მასტერკლასით აღარ იღლებიან და არც ბეილი ურტყამს კამპ ნოუს წრეს გოლის გასატანად. ერთი სიტყვით, მოგვაკლდა საუცხოო გოლები და თითქმის სისხლამდე მისული დაპირისპირება. მინგესას და არაუხოს, მოსაწყენი პაექრობის და 0:0-ის ცქერა არ გვინდა და ამ თამაშისგან ჩვეულ დაძაბულობას ვითხოვთ.

ბოლო 5 უღიმღამო დაპირისპირებაში, მადრიდელებმა 4-ჯერ გაიმარჯვეს, ერთხელ კი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, რაც 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუკი “რეალი” დღეს “ბარსელონას” კიდევ დაამარცხებს, “ბარსელონა” 1965 წლის ანტირეკორდს გაიმეორებს.

როგორ ფორმაში იმყოფებიან გუნდები?

დაპირისპირების ფავორიტი “რეალია”. ლა ლიგაში “ბარსელონა” მადრიდულ გრანდს 17 ქულით ჩამორჩება, თუმცა ისტორია გვეუბნება, რომ ქულათა სხვაობა “ელ კლასიკოში” შედეგს არ განაპირობებს. მაგალითად, 2002/03 წლების სეზონში, “ბარსას” 24-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა, თუმცა მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელებს სეზონი ჩაუვარდათ. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 2 მატჩში, “ბარსელონამ” მეტოქის კარში ერთხელაც ვერ დაარტყა (!!!) და ტურნირზე ასპარეზობა 2 გოლით დაასრულა. მაშინ კუმანი იყო, მაგრამ გუნდი არც ხავის ეპოქაში ბრწყინავს, რომელიც “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მწვრთნელის რანგში პირველად მიიღებს. არცაა გასაკვირი: “ბარსას” სხვა ფეხბურთელები სჭირდება: ქარიზმატულები, ტექნიკურები, უფრო მოძრავები, უფრო კრეატიულები, გამომგონებლები, რონალდინიო, მესი, ვილა, ინიესტა თუ რომარიო.



მადრიდელები კარგ ხასიათზე იმყოფებიან: ბოლო 15 მატჩში, ანჩელოტის გუნდმა 13 შეხვედრა მოიგო. იტალიელს არ ადარდებს ის ფაქტი, რომ დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ბეილი და მარიანო გამოაკლდებიან, რადგან ბოლო 2 მატჩში, “რეალმა” 7 გოლი გაიტანა. ბრწყინავენ ბენზემა და ვინისიუსი, ჩინებულ ფორმაში შევიდა ასენსიო. ერთი სიტყვით, “რეალს” ანჩელოტის ხელი ეტყობა.

რაც შეეხება “ბარსას” შემადგენლობას, ოფიციალური ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი, ფერან ტორესი, პედრი, ანსუ ფატი და არაუხო “რეალის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ. ტრავმირებულთა რიგებში კი ბრაითვეითი, დემირი, ერიკ გარსია და სერხი რობერტო არიან.

საერთო ჯამში, ყველა ვთანხმდებით, რომ “კლასიკო კლასიკოს აღარ ჰგავს”, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ყურადღება საუდის არაბეთისკენ იქნება მიპყრობილი. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება და მასთან დაკავშირებულ თითოეულ განახლებასა თუ საინტერესო გამოხმაურებას Live.ge-ზე იხილავთ.

(627)

კლასიკო კლასიკოს აღარ ჰგავს | მატჩის პრევიუ

სტატიის ავტორი
-